საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ChildPact - ის მიერ ბავშვთა დაცვის კუთხით ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ბავშთა დაცვის ინდექსი აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ყველაზე დაბალია. მას წინ უსწრებს მოლდოვა - 0,527 ქულით; სერბეთი (0.615); ბულგარეთი (0.652); და ბოლოს რუმინეთი 0.803 ქულით.
ბავშვთა დაცვის ინდექსი დამოუკიდებელი ხელსაწყოა, რომელიც “გაეროს” კონვენციასთან მიმართებაში ბავშვთა დაცვის რეფორმის გაზომვის საშუალებას იძლევა.
კვლევის დამოუკიდებელი კონსულტანტის ენდი ბუთის თქმით, ინდექსის განსაზღვრისთვის 500-ზე მეტი ინდიკატორი არსებობს. თვისობრივი ინდიკატორები კითხვის ფორმითაა გამოხატული და მათი უმრავლესობა "გაეროს" ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ არის შედგენილი. ექსპერტთა მონაწილეობით ჩამოყალიბდა შეკითხვები, რომლებზეც სავარაუდო პასუხები იყო "კი", "არა", "ნაწილობრივ". შედეგად, მიღებული პასუხები ქულებად გარდაიქმნა. ბუთის განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული ინდექსის გამოყენება მოხდა.
ინდექსის ძირითად ინდიკატორებს მომსახურების განვითარება, სამართალი და პოლიტიკა, მართვის გარემო, ანგარიშვალდებულებები და საოციალური სამუშაო წარმოადგენდა, რომელთაგან საქართველოს, ქულების მიხედვით, ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი უკავია. მხოლოდ უშუალოდ ბავშვთა დაცვის სისტემა წარმოადგენს განონაკლისს, სადაც ის წინ უსწრებს მოლდოვეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს. ჩამორჩება სერბეთს. კვლევაში ნათქვამია, რომ “საქართველოში მცხოვრებ ბავშვთა 64% რომელიც არ ცხოვრობს ოჯახთან, მინდობით აღზრდაში იმყოფება. ეს არის საქართველოს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაბიჯი ბავშვთა დაცვის პოლიტიკის კუთხით”.
დამოუკიდებელმა კონსულტანტმა ბუთმა რამდნიმე პრობლემური საკითხი გამოყო. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებლობა; ბავშვთა პოლიტიკისა და სტრატეგიების კუთხით მუშაობის გაუმჯობესების ვალდებულება; აგრეთვე, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
იგივე ტიპის პრობლემები გამოიკვეთა 2014 წელს, ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის შეფასების გამოსავლენად ჩატარებულ კვლევაშიც.
სისტემის მნიშვნელოვან ხარვეზებს შორის, რესურსის თვალსაზირისთ, აუცილებელია სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემდგომი განვითარება; ზრუნვის სისტემიდან ბავშვის გასვლის მომზადების თვალსაზრისით არასაკმარისი აღმზრდელების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის დონე. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისათვის პრობაციის მუშაკების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება; სამართლის სფეროში სოციალურ მუშაკთა რაოდენობის გაზრდა და, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეებზე სპეციალიზებულ მოსამართლეთა ინსტიტუტის დამკვიდრება.
კვლევაში ნათქვამია, რომ “ბავშვთა ძალადობისგან დაცვის თვალსაზრისით არსებული სისტემის ყველაზე სუსტი რგოლებია პოლიცია და სკოლა, როგორც ბავშვისა და ოჯახის მხარდამჭერი ინსტიტუტი”.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განსახორციელებლად 2012-2015 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა, რომლის მიზანს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის კურსის გაგრძელება და მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერებას ისახავს მიზნად.