მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. პროექტით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ადამიანი სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ.
კანონპროექტში, რომელიც „ლიბერალმა“ მოიპოვა, აღნიშნულია, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ადამიანი, რომელიც ყოველთვიურად სახელმწიფო პენსიას იღებს, კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ყოველთვიურად, დანამატის სახით, პენსიის არანაკლებ 20%-ს მიიღებს.
მაღალმთიან დასახლებაში, სამედიცინო დაწესებულების პერსონალი, რომლებიც ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებენ, ასევე მიიღებენ ყოველთვიურ დანამატებს. კერძოდ, ექიმებისათვის ეს იქნება სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობა, ხოლო ექთნებისთვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობა.
კანონპროექტი მაღალმთიან დასახლებაში მოსახლეობის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის საფასურს, პროექტში აღნიშნულია, რომ მაღალმთიან დასახლებაში აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50% ანაზღაურდება (არა უმეტეს 100 კვტ.სთ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურისა).
კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული თითოეული ბავშვისთვის, რომლის მშობლები მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად ცხოვრობენ, ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში, არანაკლებ 100 ლარს მიიღებენ.
საჯარო სკოლის მასწავლებლები დამატებით მიიღებენ ხელფასის (თანამდებობრივი სარგო) არანაკლებ 35%-ს. ხოლო, ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალმთიან დასახლებებაში კონკრეტული პროგრამის ფარგლებში არიან დასაქმებულნი, დანამატის სახით ანაზღაურების არანაკლებ 50%-ს მიიღებენ.
საჯარო სკოლებს კი თითოეულ მოსწავლეზე გაზრდილი ვაუჩერი გადაეცემათ, რომლის გაცემის წესიც შემდგომ მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კანონპროექტი მაღალმთიან დასახლებაში საგადასახადო შეღავათებსაც ითვალისწინებს. მასში აღნიშნულია, რომ პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან.
თუმცა მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი შესწორებები დაზუსტებულია - „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსის მქონე იურიდიული პირები 10 წლის განმავლობაში ქონებისა და მოგების გადასახადებისგან გათავისუფლებიან.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო და ქონების გადასახადებს აღარ გადაიხდიან.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის რეგულირება
პროექტით, ასევე მოცემულია მაღალმთიანი დასახლების განსაზღვრის წესი. დოკუმენტში წერია, რომ მაღალმთიან დასახლებად მიიჩნევა დასახლება, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით, მაგრამ სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობების და ზეგნების დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით მისი ქვედა ზღვარი კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე განლაგებულ დასახლებებში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის დასახლებებში მცირდება 1000 მეტრამდე (გამონაკლის შემთხვევაში – 800 მეტრამდე), ხოლო სამხრეთ საქართველოს დასახლებებში 1500 მეტრი რჩება.
პროექტის მიხედვით, ზღვის დონიდან შესაბამისი სიმაღლის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ ხევში, მთიულეთში, გუდამაყრის ხეობაში, ფშავ-ხევსურეთში, თუშეთში, ზემო სვანეთში, ქვემო სვანეთში, ლეჩხუმსა და რაჭაში მდებარე დასახლებებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე მაღალმთიან დასახლებებზე ეს კანონი გავრცელდება შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი
კანონპროქტის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს ანიჭებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭების კრიტერიუმებია:
ა) საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია;
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება.
პროექტით, სტატუსის გაუქმების საფუძველი შემდეგია:
ა) მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება;
ბ) რეგიტრაციის მისამართის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი რეგისტრირდება სხვა მაღალმთიან დასახლებაში;
დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა.
გ) პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების დატოვება, თუ იგი იწვევს ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით (ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვე ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრება) დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა მაღლამთლიანი დასახლების დატოვება მკურნალობის ან სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის მიზნით.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას ასევე იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი.
კანონპროექის ავტორი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა. კანონპოექტს პარლამენტის ბიურო სავარაუდოდ ორშაბათს განიხილავს.