
„მე ამის შესახებ არაფერი ვიცი და უფრო მეტიც, ვიცნობ რა ბიძინა ივანიშვილს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შეუძლებელია“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრას გამორიცხავს.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო გარიგებაზე საუბრობს, რომლის სანაცვლოდაც, „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიცვალოს.
ამასთან, იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა არ ყოფილა. ამის მიუხედავად, საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოების 25-ვე თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა, შეჩერებულია.
5 დღის წინ, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის მოსმენაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უკმაყოფილო მოსამართლეებთან სხვადასხვა არგუმენტით განმარტავდა სასამართლოების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გათავისუფლების აუცილებლობას.
„მე ვაძლევს მოსამართლეებს შანსს, ქვემოდან განხორციელდეს დემოკრატია და თავად აირჩიონ თავმჯდომარეები. მივცეთ კოლეგებს შესაძლებლობა, ერთგულებაც დაუდასტურონ თავმჯდომარეებს“, - ამბობდა მაშინ ნინო გვენეტაძე.
ხიდაშელი მურუსიძის განცხადებას ერთმნიშვნელოვან არგუმენტად არ მიიჩნევს, თუმცა პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე, გამორიცხავს ივანიშვილსგან მსგავსი შეხვედრის მოწყობას.
„შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად გამოვრიცხავ რამე მსგავსი ტიპის შეხვედრას. ამის მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან არც ის ვიცი, ალასანიას განცხადება რას ეყრდნობოდა და არც ის - რამე მსგავსი თუ ყოფილა. ჩემი პირადი დამოკიდებულებიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ირაკლი ალასანიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერება ადასტურებს, რომ გარიგება მოსამართლეებთან მართლაც შედგა.