იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა კანონიერი, მაგრამ არასწორი ნაბიჯი იყო.
როგორც მან „რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემა „არჩევანში" საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სარგებელი არ მიუღია.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლიანად ვმოქმედებდით, მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი შეცდომა იყო" - თქვა ადეიშვილმა.
მისი განმარტებით, ენმ-ს სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები იმან გააჩინა, რომ ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის საქმე გამჭვირვალედ ვერ გამოიძია.
„ვერ შევძელით საზოგადოება დაგვერწმუნებინა, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ ფაქტში მონაწილეობდა, დაისაჯა. ამის შედეგად ამომრჩეველში გაჩნდა კითხვები ჩვენს სანდობაასთან დაკავშირებით" - თქვა ადეიშვილმა.
იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის 3 საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების, „ქართუ ბანკის“ გაკოტრებისა და 7 ნოემბრის და ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრის საქმეები, რომელშიც ყოფილ მინისტრს ბრალი 4 ყოფილ მაღალჩინოსანთან ერთად აქვს წარდგენილი.