
სამხრეთ კავკასიაში human rights watch-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ ცრუ დასმენის ბრალდებით გიორგი ოქროპირიძის წინასწარ პატიმრობაში დატოვება საქართველოსთვის უკანგადადგმული ნაბიჯია.
როგორც უფლებადამცველი „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, ინფორმაცია, რომელიც ბრალდებულმა სახალხო დამცველს გაანდო, არ შეიძლება, გამოყენებული იყოს მის წინააღმდეგ.
საქმე ისაა, რომ 2013 წლის 23 სექტემბერს ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა და მოუთხრო, რომ N3 და N8 დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ომბუდსმენმა პროკურატურას მიმართა. მან გამოძიება დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე შეწყვიტა. გამოძიება საბოლოოდ 2015 წლის 6 ივნისს გაგრძელდა. 7 ივნისს საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო „გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება“, რომელიც იმავე დღეს შეწყდა. გამოძიება ცრუ დასმენის ფაქტზე გაგრძელდა და 8 ივნისს გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარუდგინეს.
გოგია საუბრისას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21–ე მუხლის იხსენებს, რომლის მიხედვითაც, პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის განდობილი ინფორმაცია არ შეიძლება, გახდეს ადამიანისთვის სანქციების დანიშვნის საფუძველი (21–ე მუხლი: არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რამე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რამე სხვა წესით).
გოგია ამბობს, რომ პროკურატურის მიერ ცრუ დასმენით ბრალდებით ბრალის დამძიმება, ეწინააღმდეგება ფაკულტატური ოქმის 21-ე მუხლით აღებულ ვალდებულებას.
„ამით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნა, რომ ინფორმაცია, რომელიც პირმა ომბუდსმენს მის მიმართ სავარაუდო დანაშაულის შესახებ გაანდო, გამოიყენეს მისსავე წინააღმდეგ, აღნიშნული კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ამ კუთხით აქვს“, - ამბობს გოგია.
მისივე თქმით, შესაძლოა, სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის სერიოზული ნდობის საკითხი დადგეს.
მისი თქმით, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ერთადერთი საშუალებაა, რაც პატიმრისგან ინფორმაციის მიღებას უზღუნველყოფს.
„წარმოიდგინეთ, როგორი იქნება სახალხო დამცველისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისდმი ნდობა, იმ შემთხვევაში, თუ პატიმრებს ეცოდინებათ, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენება ვერ დადასტურდება და ეს შეიძლება მათსავე წინააღმდეგ გამოიყენონ, ცრუ დასმენის ბრალდებით“, - ამბობს გოგია.
როგორც ის ამბობს, არაა გადამწყვეტი, დამატებით რა ბრალდება აქვს პირს წაყენებული. ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველისთვის განდობილი ინფორმაცია პირისავე წინააღმდეგ გამოიყენეს, „იმდენად შემაშფოთებელია, რომ სხვა ყველა გარემოებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს“, ეს ძირგამომთხრელია სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის, კონკრეტულად, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში“.