თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესია-მონასტრების გადამდნარი ზარების ხარჯზე დაარსდა და ის იმ ადგილას, სადაც არის ვერ გაიხარებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, ზოოპარკი სხვა ადგილას უნდა იყოს გადატანილი.
„მოხდა საშინელი ტრაგედია საქართველოში. ღვარცოფის, ნიაღვრის და წვიმის შედეგად დაიღუპა ხალხი. განადგურდა ზოოპარკი. ცხოველები თავისი ადგილებიდან გადმოვიდნენ და ადამიანებისთვის საშიში გახდნენ. თქვენ ალბათ არც გახსოვთ, რომ როცა კომუნისტები საქართველოში შემოვიდნენ და ქრისტიანების და სამღვდელოების დევნა, ასევე ეკლესია-მონასტრების ნგრევა დაიწყებს, დაიწერა ბრძანება, რომ მონასტრებიდან და ტაძრებიდან ჩამოეყარათ ზარები, გადაედნოთ და ამ ფულით, რასაც მოიპოვებდნენ, ზოოპარკი დაარსებულიყო. ზოოპარკი უნდა გაუქმდეს და სხვაგან ახალი ზოოპარკი დაარსდეს, რადგან ეს ზოოპარკი ცოდვაზეა დაარსებული. ცოდვა დაუსჯელი არ რჩება. ვწუხვართ, რომ ქართველი ადამიანი იმდენად დაეცა, რომ საეკლესიო ზარების ხარჯზე და მათ განადგურებაზე ზოოპარკი დააარსეს. აი, ამის შედეგი. დაიღუპნენ ადამიანები და განადგურდნენ ცხოველები", - განაცხადა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.