„მიწის მასა ჩამოწოლილია მდინარე დურუჯის ერთ-ერთ სათავეში. ამ დროისთვის რეალური საფრთხე არ არსებობს. თუ დიდი რაოდენობით ნალექი არ იქნება, არ არის საშიშროება, რომ დიდი ოდენობის მიწა ჩამოვიდეს“, - კახეთში მეწყერის შესახებ „ლიბერალი“ ყვარლის გამგებლის მოადგილეს, ქეთევან ზაუტაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, შეიძლება ყვარლის მუნიციპალიტეტსაც შეექმნას პრობლემები იმ შემთხვევაში, თუ ნაშალის დიდი რაოდენობა ჩამოვა და დურუჯი დაგუბდება.
„ჩამოსულები იყვნენ გეოლოგები და ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა. ახლა ველოდებით პასუხს, რა სახის ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ნაპირი გამაგრებულია ისე, რომ პირველ დარტყმას გაუძლოს. პრევენციის მიზნით, დაიწყება ინტენსიური კალაპოტის გაწმენდა და სამაგრი სამუშაოები“, - განაცხადა ზაუტაშვილმა.
ქეთევან ზაუტაშვილის თქმით, სამი დღის წინ, მწყემსებმა მიწის ჩამოშლის ხმა გაიგეს და ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს.
მან „ლიბერალთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადგილი დაუსახლებელია, ამიტომ, ამ ეტაპზე ადამიანებს საფრთხე არ ემუქრებათ.
„კალაპოტის წმენდა მუდმივი პროცესია, რასაც ადგილობრივი სახსრებით ვახორციელებთ“, - თქვა ზაუტაშვილმა.