თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ბრალდებულების: აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, გიორგი კუპრავასა და დავით ფირისებიას მიმართ პატიმრობის შეფარდების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულ გიორგი ხუტუნიშვილს, გიორგი კუპრავას, დავით ფირისებიასა და აიუფ ბორჩაშვილს ბრალად ედებათ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარება, ბორჩაშვილს, ასევე ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის პირების გადაბირება.
„სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები. აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის და ა. ბორჩაშვილს ასევე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ და დასაკითხ მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა მოპოვების ხელშეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხე. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახე გამოიყენა.აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 5 აგვისტოს 11:00 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 15 ივნისს, სოფელ გომბორის მიმდებარე ტერიტორიაზე აიუფ ბორჩაშვილი, გიორგი ხუტუნიშვილი, გიორგი კუპრავა და დავით ფირისებია ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრებისათვის გადაბირების, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ცნობით, აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში.
იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრების მიზნით იბირებდა მოქალაქეებს და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.
შსს-ს ინფორმაციით, „აიუფ ბორჩაშვილმა თანამზრახველების დახმარებით, სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის, ვებგვერდებისა და სოციალურ ქსელში არსებული ჯგუფების გამოყენებით გადაიბირა პანკისის ხეობაში მცხოვრები, არასრულწლოვანი მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი.
2015 წლის 2 აპრილს აღნიშნული პირები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით, ქალაქ სტამბოლში გაემგზავრნენ. თურქეთში მათ აიუფ ბორჩაშვილის თანამზრახველები დახვდნენ და მათი დახმარებით მუსლიმ კუშტანაშვილი და რამზან ბაღაკაშვილი სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გადავიდნენ".
გამოძიების ინფორმაციით, იუფ ბორჩაშვილმა და მისმა თანამზარხველებმა მოახდინეს იდეოლოგიური ზემოქმედება საქართველოს სხვა მოქალაქეებზე, რომლებიც ვაჰაბიზმის მიმდევრები გახდნენ.
„სამართალდამცველებმა თბილისში გიორგი კ. დააკავეს, რომელსაც თურქეთის მიმართულებით ავიაბილეთები ჰქონდა შეძენილი და აიუფ ბორჩაშვილის დახმარებითა და ორგანიზებით სირიაში გადასასვლელად ემზადებოდა. შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, გიორგი ხ. და დავით ფ. დააკავეს. აღნიშნული პირები ასევე აიუფ ბორჩაშვილის ორგანიზებით თურქეთის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, საიდანაც სირიაში, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად გადავიდოდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 327 პრიმა და 328-ე მუხლებით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.