"ზურაბ გურიელიძის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, დადგეს, თუკი მან ზოოპარკის ბალანსზე არსებული ცხოველების შესახებ შსს-ს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. სხვა შემთხვევაში არ შეიძლება მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, იმიტომ, რომ სამაშველო ღონისძიებების წარმართვაზე პასუხისმგებელი გურიელიძე არ ყოფილა. თუ ეს ბრალი ვიღაცამ თვითებურად დააკისრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სწორია", - ამის შესახებ "ლიბერალს" იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შაბათს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ ზოოპარკის ადმინისტრაციას ცხოველებზე კონტროლი აღარ აქვს და ვითარებას შსს აკონტროლებდა. იურისტის შეფასებით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს შეეძლო, შსს-სთვის ზოოპარკის ბალანსზე არსებული ცხოველების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. ბურჯანაძის თქმით, გურიელიძე ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო უწყებების დამხმარე იყო და შესაბამისად, ცხოველების რაოდენობის შესახებ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობაც არა მას, არამედ შსს-ს და კრიზისების მართვის საბჭოს ეკისრება.
გიორგი ბურჯანაძის განმარტებით, შსს გარეთ მყოფი ცხოველების შესახებ გურიელიძის განცხადებას არ უნდა დაყრდნობოდა, მას თავად უნდა მოეძიებინა ინფორმაცია, რადგან ეს უწყება იყო ამაზე პასუხიმგებელი, ის ახორციელებდა სამაშველო სამუშაოებს და აკონტროლებდა ვითარებას.
"გურიელიძეს, როგორ შეიძლება, დაყრდნობოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაცია ცხოველებს ხომ არ ეძებდა, ცხოველებს ეძებდა შსს, რომელიც არის მთლიანად სამაშველო პროცესზე პასუხისმგებელი. გურიელიძეს თუ ჟურნალისტმა რაღაც ჰკითხა და მან ეს განცხადება გააკეთა, ეს მისი მოსაზრებაა და სახელმწიფო უწყებები ვერ დაეყრდნობოდნენ მას. მაშინ გურიელიძე მინიმუმ სამაშველო პროცესზე პასუხიმსგებელი უნდა ყოფილიყო. მან მხოლოდ ის იცოდა, რამდენი და რომელი ცხოველები ჰყავდა ზოოპარკს მანამდე და არა ის, რამდენი იყო დაკარგული და რამდენი - ნაპოვნი", - განმარტავს იურისტი.