ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წევრის, გია ლომინაძის ინფორმაციით, ქუთაისში, მოქალაქე ლევან აბზიანიძე გუშინ ნარკოლოგიურ შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, მას ნარკოლოგიური შემოწმებისთვის 3 აბი შარდმდენი დაალევინეს, კლინიკის დატოვების შემდეგ კი მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე გარდაიცვალა.
ლომინაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი ტაქსის მძღოლი იყო. მას გუშინ ორი ადამიანი ჩაუჯდა მანქანაში და წყალტუბოს მიმართულებით წაყვანაზე მოურიგდა. ლომინაძის თქმით, როგორც გარდაცვალებამდე აბზიანიძეს უთქვამს, მგზავრები გადაცმული პოლიციელები იყვნენ.
„წყალტუბოსკენ მიმავალ გზაზე რეგიონალური პოლიცია უნდა გაევლოთ. მგზავრებმა კი ამ ადგილზე მას გაჩერება მოსთხოვეს და პოლიციაში გადაიყვანეს, შემდეგ კი ნარკოლოგიურში, სადაც ბიოლოგიური მასალის ჩაბარება მოსთხოვეს. ამისთვის 3 აბი შარმდენი დაალევინეს. ანალიზის შედეგად მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდასტურდა და უკან წამოიყვანეს. აბზიანიძეს გზაში უთქვამს, რომ ცუდად იყო მათ კი უთქვამთ, რომ არაფერი არ გიჭირს, სახლში მოგივლიანო“, - ჰყვება ლომინაძე.
როგორც ლომინაძე ამბობს, აბზიანიძემ მომხდარის შესახებ შვილსა და მეზობლებს უამბო, ისიც უთხრა, რომ ცუდად იყო, „ამის თქმა და წაქცევა ერთი იყო, ადამიანი დაიღუპა".
ლომინაძის თქმით, გარდაცვილის ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზების შესახებ დასკვნას 1 თვეში მიაწვდიან.
ოჯახის წევრების განცხადებით, აბზიანიძე „დაბალ წნევას“ ატარებდა, შარმდენის მიღებამ კი მას წვენა კიდევ უფრო დაუგდო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშიებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს ნარკოლოგიურში 3 აბი შარმდენი დაალევინეს.
უწყების თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რისი დასკვნაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.