Facebook ჯგუფის - „13 ივნისი - მოხალისეთა გაერთიანება" გაუქმებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.
„სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდა სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე მომუშავე მოხალისეთა მიერ შექმნილი ფეისბუქ-ჯგუფი„13 ივნისი“ და ამავე ჯგუფის ადმინისტრატორების ფეისბუქ-გვერდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
Facebook ჯგუფის „13 ივნისის მოხალისეთა გაერთიანების“ ყველა ადმინისტრატორის პირადი გვერდი დაიბლოკა, რამაც ჯგუფის გაუქმება გამოიწვია. ეს ერთმნიშვნელოვნად მიზანმიმართულად არის გაკეთებული - ამის შესახებ „ლიბერალს“ ჯგუფის ერთ-ერთმა ადმინისტრატორმა, ლაშა გოგუამ უთხრა.
მისი თქმით, პირად გვერდებზე თავდასხმა ორგანიზებულად მოხდა, რადგან ოთხივე ადმინისტრატორის Facebook-ის გვერდი ერთდროულად დაიბლოკა.
„ცოტა უცნაურია, რაც მოხდა. მგონი ცუდ რამეს არ ვაკეთებთ და არ მეგონა, თუ შეიძლებოდა ამაში მტრები გვყოლოდა. მოტივს ვერ ვხვდები, ამიტომაც არ ვიცი ეჭვი ვისზე მივიტანო“, - უთხრა გოგუამ „ლიბერალს“.
მისი განმარტებით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა შეიძლება ამას დიდი დრო დასჭირდეს.
„ორი ადმინისტრატორის გვერდი უკვე აღდგენილია. ვცდილობთ, ჯგუფი აღვადგინოთ. სანამ Facebook-ის ცენტრალურ ადმინისტრაციას მივწერთ და აღგვიდგენენ, ამას შეიძლება, რამდენიმე კვირაც დასჭირდეს. ეს დიდი პრობლემაა და მარტივად არ აღდგება“ - ამბობს გოგუა.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა დავითაშვილმა კი ცოტა ხნის წინ Facebook-ზე სტატუსი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯგუფის გაუქმება ტექნიკური პრობლემის შედეგად მოხდა და ამაში ბრალი არავის მიუძღვის.
„ლიბერალის" კითხვაზე, თუ რატომ წერს დავითაშვილი, რომ ხარვეზი ტექნიკური ხასიათისაა და ბრალი არავის მიუძღვის, გოგუა პასუხობს, რომ თავდასხმა ცალსახად მიზანმიმართულად მოხდა.
„13 ივნისის“ ჯგუფის დროებითი ტექნიკური პრობლემები არავის ბრალდება. მათ შორის არც მარკ ცუკერბერგს! ახლა თითების გაშვერის დრო არ არის. მადლობა! მიყვარხართ ყველა მრწამსის და პოლიტიკური პარტიის გულშემატკივრები/წარმომადგენლები!"- წერს ორგანიზატორი ნიკა დავითაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე.