„სტიქიის შედეგად დაზიანებული კერებიდან ეპიდემიის არავითარი საფრთხე არ არსებობს, – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ გააკეთა.
იმნაძის განმარტებით, ლიკვიდირებული ან სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველები ჯანმრთელები იყვნენ და მათ ნაწლავში შესაძლოა, მხოლოდ ტეტანუსის ჩხირი იყოს, რომელიც ნიადაგში ბუნებრივადაც არსებობს, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ადამიანების რამდენიმე კატეგორია, რომელთათვისაც ტეტანუსის აცრა რეკომენდებულია.
„ეპიდემიურ გართულებებს არ ველოდებით. რაც შეეხება ტეტანუსს, მისგან თავის დაცვა აცრის საშუალებით შეიძლება, აცრას კი საჭიროებენ ის მოქალაქეები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობენ და ტეტანუსზე 14 წლის ასაკში გეგმიური აცრა არ აქვთ ჩატარებული. რაც შეეხება უშუალოდ სტიქიის ადგილებში ჰიგინური ნორმების დაცვას, მოქალაქეებს ვთხოვ, უკლებლივ ყველამ ხელთათმანები გამოიყენონ და ხელთათმანიანი ხელით არ მოწიონ სიგარეტი, რომ მიწის ნაწილაკები პირში არ მოხვდეთ. ამ ცხოველებს რამე დაავადებები არ აღენიშნებოდათ, რომ ისინი ეპიდემიის საფრთხეს ქმნიდნენ", – განაცხადა პაატა იმნაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ აცრის პროცედურას, იმნაძის განმარტებით, ვაქცინა სრულიად უფასოა. უფასო აცრით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც ისარგებლებენ. მისი თქმით, სტიქიის შემდეგ ტეტანუსზე უკვე 600 ადამიანია აცრილი.