ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ ქუთაისში ლევან აბზიანიძის გარდაცვალებისა და ანტისაზოგადოებრივი პოლიტიკის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ დღეს, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარისთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
„დღეს შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ლევან აბზიანიძის სიკვდილი ნარკოპოლიტიკის პირდაპირი შედეგია და მის გარდაცვალებას სახელმწიფოს ვაბრალებთ - ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში სახელმწიფო ძალიან უხეშად ჩაერია. ამ ხელისუფლების სისუსტეში არა მხოლოდ ნარკოპოლიტიკა, არამედ 13 ივნისის მაგალითიც შეგვიძლია გავაერთიანოთ. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ხელისუფლებამ ყველა იმ ასპექტს გადახედოს, რაშიც ის ანტისაზოგადოებრივია“, - აღნიშნავს აქციის მონაწილე, რატი ავალიანი.
აქციის ორგანიზატორი, კამპანია „ბექა კრიმინალი არ არის" წევრი, ბექა წიკარიშვილი ამბობს, რომ სასაცილოა, როდესაც სახელმწიფო საკუთარ ნარკოპოლიტიკას ადამიანების კეთილდღეობასა და მზუნრველობაზე მიმართულს უწოდებს - „ლევან აბზიანიძის გარდაცვალების ფაქტი აბსოლუტურად ადასტურებს, რომ ამ „მზრუნველობამ“ იმდენად გროტესკული ფორმები მიიღო, რომ ლეტალურ შედეგებამდეც კი მივიდა. წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული - დღემდე, სისტემის პოლიტიკა იმდენად ძალადობრივია, რომ აბსოლუტურ ამოყირავებას, ინვერსიას საჭიროებს. ამას ვხედავთ 13 ივნისის ფაქტთან დაკავშირებითაც და ვთვლით, რომ ეს ტრაგედია არასწორი ურბანული პოლიტიკის ნაწილია. ასევე, ძალადობა იგრძნობა როგორც შრომის, ისე სოციალურ პოლიტიკაში, თითქმის ყველგან“.
„გუშინ ქუთაისში ლევან აბზიანიძე მოკლა სახელმწიფომ!
ვერეს ხეობაში ადამიანები მოკლა სახელმწიფომ!
ეს ტრაგედია მახინჯი ნარკოპოლიტიკის შედეგია!
13 ივნისის ტრაგედია არასწორი ურბანული დაგეგმარების და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია!
საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას მოძალადე სახელმწიფოს არსებობა, საზოგადოება ინაწილებს მის პასუხისმგებლობას!“, - აღნიშნულია საპროტესტო აქციის შესახებ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის წევრის, გია ლომინაძის ინფორმაციით, ქუთაისში, მოქალაქე ლევან აბზიანიძე გუშინ ნარკოლოგიურ შემოწმების შემდეგ გარდაიცვალა. როგორც ის „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, მას ნარკოლოგიური შემოწმებისთვის 3 აბი შარდმდენი დაალევინეს, კლინიკის დატოვების შემდეგ კი მან თავი შეუძლოდ იგრძნო და მალევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს ნარკოლოგიურში 3 აბი შარმდენი დაალევინეს.
უწყების თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რისი დასკვნაც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.