მოხალისეთა facebook ჯგუფში ამ ეტაპისთვის ბოლო #დავალება (ვერის ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დროს მოხალისეები საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ერთმანეთს ამ ფორმით აცნობდნენ) დაწერეს.
„2-დღიანი ბრძოლის და წვალების მერე აღვადგინეთ ჯგუფიც და ადმინისტრატორების პროფილებიც", - იტყობინება „13 ივნისის" facebook ჯგუფი, რომლის გაუქმების ფაქტზეც 18 მაისს შსს-მ გამოძიება დაიწყო.
დღეს ჯგუფის ადმინისტრატორები აღნიშნავენ, რომ 21 500 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა თავისი მისია შეასრულა და დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მიზანი მიღწეულია! ვნახეთ, რომ შეგვძლებია! შეგვძლებია თანადგომა, შეგვძლებია ერთმანეთის გატანა და დიდი სიყვარული", - ნათქვამია აღდგენილ ჯგუფში, - "დღეიდან ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია და არ გვჭირდება მითითება იმისთვის თუ როგორ გავხადოთ ჩვენი სამყარო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ".
ჯგუფის ადმინისტრატორები ამბობენ, რომ დღეიდან ჯგუფი ფუნქციონირებას და მოხალისეთა არმიის კოორდინაციას წყვეტს, „რადგან მასშტაბი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე გასცდა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს და პრინციპში აღარც ვართ საჭირო და ისედაც ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ".