საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს „მზიურში“ მოხალისეების მიერ ჩატარებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.
როგორც პრემიერი ამბობს, „მზიურში“ მოხალისეებმა, ჯარისკაცებმა, მაშველებმა და პოლიციელებმა, ერთობლივად უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს და იქ უკვე უკვე მძიმე ტექნიკა შედის. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომები, რადგან ახალგაზრდები მუშაობისას სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებენ.
„ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ჩვენს მოხალისეებზე, ახალგაზრდებზე. გვინდა, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ისინი და შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე გადავიყვანოთ. საჭიროა, აქ შემოვიდეს მძიმე ტექნიკა და ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ მათი ჩანაცვლება. ხვალიდან დაიწყება მათი განაწილება შედარებით მსუბუქ ობიექტებზე. ძალიან ცხელა დღის განმავლობაში და არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მათ რაღაც ზიანი მიიღონ. ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს მოხალისეებმა და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე სტიქიის შედეგებთან გამკლავება გართულდებოდა.