საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული „სამშენებლო კოდექსის“ პროექტი საკანონმდებლო ორგანოს 2015 წლის განმავლობაში გადაეგზავნება.
„ლიბერალისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო კოდექში საქართველოში სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის სისტემა, მისი ძირითადი პრინციპები და ამოცანები, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების იერარქია და შემადგენლობა, მათი შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურები იქნება გათვალისწინებული.
ასევე, დარეგულირდება მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე ზედამხედველობის, სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესები.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ე.წ. „სამშენებლო ბუმმა“ და მის ფონზე გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ამ სფეროს ახლებურად მოწესრიგების საჭიროება, კერძოდ, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის შემუშავება.
სამშენებლო კოდექსის პროექტის მიხედვით, გარკვეულ მშენებლობებზე მუშაობა, მხოლოდ სერტიფიცირებულ არქიტექტორებს შეეძლებათ.
კერძოდ, II, III და IV კლასის შენობა-ნაგებობის არქიტექტურული ესკიზის/პროექტის, კონსტრუქციული სქემის/პროექტის ან/და მათი ნაწილების შემუშავების უფლება ექნება მხოლოდ სერტიფიცირებულ არქიტექტორსა და ინჟინერ-კონსტრუქტორს რომელთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება საქარათველოს კანონმდებლობით.
სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული მუშების, შემდუღებლების, ყალიბის მომწყობის, ქვის მწყობელის კვალიფიკაციას არ მოსთხოვენ, არქიტექტორების და ინჟინრების შემთხვევაში კი ეს სავალდებულო იქნება.
ნიშანდობლივია, რომ კოდექსი კოდექსი განსაზღვრავს მშენებლობის ზედამხედველობის სახეებს. ესენია:
ა) მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა;
ბ) მშენებლობის ზედამხედველობა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ;
გ) მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა;
დ) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა;
ე) მშენებლობის საავტორო ზედამხედველობა.
სამინისტროს ცნობით, კოდექსს შემოაქვს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს ინსტიტუტი. კერძოდ, დამკვეთი უფლებამოსილია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება აკრედიტებულ ისპექტირების ორგანოს დაავალოს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. თუმცა, ეს არის დამკვეთის დისკრეცია და არა ვალდებულება. თუ დამკვეთი ირჩევს აკრედიტებულ ისპექტირების ორგანოს, მაშინ მის მიმართ ხდება სახელმწიფო ზედამხეველობის დერეგულირება. სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილება ამ შემთხვევაში, ძირითადად კერძო აკრედიტებული ისპექტირების ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმებით შემოიფარგლება.
III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის საფრთხის რისკების აღმოფხვრის მიზნით კოდექსი ადგენს მშენებლობის პროცესში დამკვეთის ან მშენებლობის განმახორციელებლის მიერ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის ვალდებულებას(მშენებლობის უსაფრთხოების ზედამხედველობა).
კოდექსი განმარტავს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობას, როგორც დამკვეთის ან აკრედიტებული ისპექტირების ორგანოს მიერ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო დოკუმენტაციის შესრულების კონტროლის მექანიზმს.
კოდექსი ადგენს III და IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ვალდებულებას, რომელიც უნდა განხორციელდეს სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ, ხოლო I და II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესში ადგენს დისკრეციას დამკვეთმა დანიშნოს ტექნიკური შესაბამისობის შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თვითონ ხდება ტექნიკურ შესაბამისობაზე პასუხისმგებელი პირი.
დამკვეთსა და მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს შორის ურთიერთობა წესრიგდება ხელშეკრულების საფუძველზე. ტექნიკური ზედამხედველობის შემსრულებელი პირი პასუხისმგებელია მის მიერ განხორციელებული სამუშაოს სისწორეზე და მის მიერ ასახული ინფორმაციის ნამდვილობაზე. კერძო ინსპექტირების გამოყენებისას, აკრედიტებული ისპექტირების ორგანო, თავად არის ვალდებული მშენებლობის ობიექტზე იყოლიოს ტექნიკური ზედამხედველი. ამ შემთხვევაში დამკვეთი ხელშეკულებას დებს მხოლოდ კერძო ინსპექტორთან, რაც ავტომატურად მოიცავს ტექნიკური ზედამხედველობის საკითხსაც.
როგორც სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე მშენებლოლბებზე კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები არ გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ შესაძლოა, პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები კიდევ შევიდეს. თუმცა კონკრეტულად, რა შეიცვლება კოდექსში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.