მოსაზრება, რომ თბილისში ზოოპარკი არ უნდა იყოს, გამოწვეულია ასეთი დაწესებულების თანამედროვე ამოცანების ბოლომდე გაუცნობიერებლობის გამო, - განაცხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისისის დირექტორმა, გიორგი სანადირაძემ.
მან თქვა, რომ დღეს ზოოპარკის მთავარი ფუნქცია იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების გენოფონდის შენარჩუნებაა, ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა ამა თუ იმ რეგიონში სახეობის ბუნებაში აღდგენის საქმეს ემსახურება.
„სოჭის ეროვნულ პარკთან სპეციალურად მოწყობილ ცენტრში, კავკასიური ჯიქის (ლეოპარდის) აღდგენის პროგრამაა, რომლისთვისაც ცენტრმა ამ ქვესახეობის ინდივიდები ევროპის ქალაქების ზოოპარკებიდანაც მიიღო: რომ არა ზოოპარკების რესურსი, პროგრამა ვერ განხორციელდებოდა", - აღნიშნა გიორგი სანადირაძემ.
სანადირაძის თქმით, ცოცხალ ცხოველებთან სიახლოვე, არავირტუალური კონტაქტი შეხამებული თანამედროვე, მიმზიდველ შემეცნებით საშუალებებთან, რომლებიც ხშირად თამაშის ელემენტებსაც შეიცავს, განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახენს, მოზარდ თაობაზე და მომავალ თაობებში, ეს კი ეკოლოგიური ხედვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
„თბილისს სჭირდება თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ზოოპარკი. ხოლო ის ფაქტი, რომ ყოფილი ზოოპარკი ყოვლად შეუფერებელ, შევიწროებულ, გაუსაძლის გარემოში მაინც ახერხებდა, შეექმნა ცხოველებისათვის დამაკმაყოფილებელი პირობები, სადაც მრავლდებოდნენ დიდი ზომის ძუძუმწოვრები, მათ შორის მტაცებლები, - მხოლოდ ზოოპარკის კოლექტივისა და მისი დირექტორის პროფ. ზურაბ გურიელიძის უმაღლეს კვალიფიკაციასა და თავდადებულ შრომას უნდა მიეწეროს", - განცხადა სანადირაძემ.
მისივე თქმით, მსოფლიოს ვერც ერთი ზოოპარკი სათანადოდ მომზადებული ვერ დახვდებოდა 13 ივნისის სტიქიას. WWF-ის კავკასიის ოფისი მოთხოვნისამებრ, ისინი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარებას აღმოუჩენენ თბილისი ზოოპარკს ამ მძიმე პერიოდის გადატანისათვის. მათ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ზოოპარკის კოლექტივის მიმართ წარდგენილი ნებისმიერი ბრალდება. ისინი იმედოვნებენ, რომ თბილისის ახალი, თანამედროვე ზოოპარკი ახალ, შესაფერის ადგილზე ოპტიმალურ ვადებში აშენდება.
21 ივნისს თბილისის მერიის წინ გაიმართა აქცია - „ჩვენ არ გვინდა ზოოპარკი!“
ორგანიზატორების თქმით, ზოოპარკი სახიფათოა ადამიანებისთვის, რადგან სტიქიამდეც არც თუ იშვიათად ხდებოდა სხვადასხვა პირთა დაზიანება. მათი აზრით, ზოოპარკი სასტიკია ცხოველების მიმართ, ხოლო ზოოპარკის შესანახად სახელმწიფო რიცხავს 2,5 მილიონ ლარს, ხოლო მის გადასატანად რამდენიმე ასეული მილიონი ლარია საჭირო. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ზოოპარკის გადატანა თბილისის ზღვაზე ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.