Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარკომოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა: 2012 წელს - 861 პირი, 2014 წელს - 4003

26 ივნისი, 2015 18:13

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. „ლიბერალი" კვლევის ნაწილს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაზე მეტი პირი აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 2013 წელს იქნა დაჯარიმებული - 13 572 პირი, 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 9 142 პირამდე შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, მაშინ, ჯარიმათა საერთო ოდენობამ 2013 წელს შეადგინა 6 786 000 ლარი, ხოლო 2014 წელს 4 571 000 ლარი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მთელი რიგი ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში (მაგ. ამფეტამინი, დეზომორფინი), განსაზღვრულია მხოლოდ მათი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, მაგრამ არ არის დადგენილი ამ ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობის ზღვარი. 

ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში პირს ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია 2 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ყველაზე მეტი პირი  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის არის მსჯავრდებული - 4003, რომელთაგან 24,3%-ის შემთხვევაში სასჯელის ზომად გამოყენებულია თავისუფლების აღკვეთა, 52% - პირობითი მსჯავრი, ხოლო 20.1%-ის შემთხვევაში ჯარიმა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წლიდან 2012 წლამდე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის მსჯავრდებულთა კლებადი ტენდენცია შეინიშნებოდა და 2012 წელს მოხმარებისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობამ სულ 861 პირი შეადგინა. თუმცა, ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2013 და 2014 წლებში ნარკოპოლიტიკა საქართველოში კვლავ გამკაცრდა და 2009 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, კერძოდ აღნიშნული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა რაოდენობა 2014 წელს შეადგენს 4003 პირს, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კანონმდებლობით, მთელ რიგ ნარკოტიკულ საშუალებებზე, მათი მცირე ოდენობა დადგენილი არ არის, შესაბამისად, აღნიშნული ტიპის ნარკოტიკული საშუალებების ნებისმიერი ოდენობის შეძენის, შენახვის თუ გადაზიდვის შემთხვევაში პირს დაეკისრება არა ადმინისტრაციული სახდელი, არამედ პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მოქმედებაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი. 

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ მუხლში ერთად თავმოყრილია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ განასხვავებს ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით მფლობელებსა და გამსაღებლებს. დღესდღეობით, საქართველოს პროკურატურის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც 260-ე მუხლიდან იმიჯნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობდა", - ვკითხულობთ IDFI-ს მასალაში.

26 ივნისი ნარკომანიასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^