
მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მიმოქცევასთან, ადამიანების ვაჭრობასთან და თანამედროვე მსოფლიოს სხვა გამოწვევებსა და საფრთხეებთან ბრძოლაში კონსოლიდაციაზე, - თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, საქართველოსა და თურქმენეთს შორის თანამშრომლობის აქტივიზაციის გზები. პრეზიდენტებმა განიხილეს ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმდინარეობა და მაღალი შეფასება მისცეს ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარების დინამიკას.
„საქართველო და თურქმენეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გააღრმაონ მჭიდრო თანამშრომლობა და მოახდინონ ძალისხმევის კოორდინირება გაეროს საქმიანობის ფარგლებში, სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში. გაეროს ეფექტურობის ამაღლების მიზნით, მხარეები ადასტურებენ გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც ძირითადი ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე, რეფორმირების აუცილებლობას.
საქართველომ კვლავ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა თურქმენეთის ინიციატივების მიმართ ენერგომატარებლების ტრანზიტისა და სატრანსპორტო დერეფნების როლის შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტებთან დაკავშირებით, დაინტერესებული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინადადებების გათვალისწინებით, გაეროს ფარგლებში. თავის მხრივ, თურქმენეთმა გამოხატა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საქართველოს მიერ ინიცირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე გაეროს ფარგლებში.
ამასთანავე, მხარეები ადასტურებენ მზადყოფნას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მიიღონ აქტიური მონაწილეობა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მშვიდობიანი აღდგენის პროცესში. მხარეებმა დაადასტურეს საკუთარი დაინტერესება და მხარდაჭერა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მიერ ინიცირებული შეთანხმების მომზადების მიმართ, ტრანზიტის, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოსა და თურქეთს შორის“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.