საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სწრაფი კვების დაწესებულება „ქეი ეფ სის“ მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებული სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამო, რომელიც, მისი თქმით, შეიცავს სტიგმასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ, - განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები მარგინალიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი, რის გამოც ასეთი პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს“ - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ წერილში
ომბუდსმენის თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო ხასიათის პროდუქტები არ იწვევდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების ღირსების შელახვას და მათი იზოლაციის ხელშეწყობას.
სახალხო დამცველი კომპანიას მოუწოდებს, ფოტო აღარ გამოიყენოს.
„ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებამ საქართველოში, თავი შეიკავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი პროდუქტის ტირაჟირებისგან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.