სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2014–15 წლების განმავლობაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები მკვეთრად გახშირდა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრაცია და რეფერირების პროცედურა არასათანადოდ მიმდინარეობს.
ომბუდსმენის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა ჭიანურდება და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება ფერხდება.
„ამასთან, არასათანადოდ სრულდება ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფომ 2014 წლიდან აიღო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
2015 წლის 29 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და სქესობრივი ხელშეუხებლობის ქმედებებისაგან დაცვის მიზნით, დროული და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის აუცილებელი პირობა შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრაქტიკული იმპლემენტაციაა, რისთვისაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.
„სამოქმედო გეგმაში, საკითხის მნიშვნელობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, უნდა გაიწეროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრა/პრევენციისათვის საჭირო ქმედებები და განხორციელების ინსტრუმენტები, „სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის პრაქტიკაში აქტიური დანერგვისათვის საჭირო ქვეპროგრამები და განხორციელდეს აღნიშნული დოკუმენტით დადგენილი პრინციპების სისტემური იმპლემენტაცია. მოხდეს პროფესიონალთა გადამზადება, რათა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე უზრუნველყოფილ იქნეს დროული და ეფექტიანი გამოძიება/სისხლისსამართლებრივი დევნა; ჩამოყალიბდეს კონკრეტული სისტემა სექსუალური ძალადობის შედეგად დაზარალებული ბენეფიციარების საგანმანათლებლო პროცესში რეინტეგრაციისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ეფექტიანი განხორციელების მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში