
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015-ის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტის სასახლე გაიხსნა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„სულ რაღაც 13 დღეში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ეს არის ყველაზე დიდი სპორტული ღონისძიება, რომლის მსგავსიც საქართველოში არასდროს გამართულა. ამ ფესტივალისთვის აშენდა და დღეს გავხსენით სპორტის ახალი სასახლე, რომელშიც მოწყობილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მშენებლობა დავიწყეთ იანვარში და სულ რაღაც 6 თვეში დავასრულეთ ეს ობიექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის ინფრომაციით, ახალი სპორტის სასახლე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015-ის“ ფარგლებში ხელბურთის ტურნირს უმასპინძლებს.
„ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ სასახლეში სპორტის სხვადასხვა სახეობაში უმაღლესი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ტურნირები გაიმართება. სპორტის სასახლეში მოქმედებს ორი დარბაზი, სადაც ერთდროულად იქნება შესაძლებელი სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირების ორგანიზება, როგორც სათამაშო, ასევე ინდივიდუალურ სახეობებში - ხელბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ძიუდოში, ჭიდაობაში, მინი-ფეხბურთში, ფარიკაობასა და ასე შემდეგ. ჯამში, სპორტის სასახლე სპორტის 24 სახეობის საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებს უმასპინძლებს", - ნათქვამია განცხადებაში.