პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა პროვოკაციაა.
„მინდა, ყველას სიმშვიდისკენ მოგიწოდოთ. საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცოდა, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანამ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი.
„ის ფაქტი, რომ ეს ტერიტორია მოქცეული იყო, ასე ვთქვათ, ოკუპანტების გავლენის ქვეშ და ჩვენ არ ვაკონტროლებდით, მგონი, ყველასთვის ცნობილია. ბანერების დადგმა შეიძლება შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და აბსოლუტურად გაუმართლებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაცხადეთ და სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ნამდვილად გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და დიალოგის გზით, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობების დარეგულირება და დეოკუპაციის პროცესის დაწყება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა საპასუხოდ გაუმართლებელ პროვოკაციას ხედავს.
„ჩემი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს გაემგზავრა პრაღაში, სადაც ხვალ შეხვდება კარასინს. ასე რომ, აბსოლუტურად გაუგებარი და გაუმართლებელია ასეთი ქმედება“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ „რუსეთის ხელისუფლება დაინტერესდება ამგვარი პროვოკაციებით და პროცესი შეჩერდება, ვინაიდან ეს არც ერთ მხარეს არ წაადგება“.
„ჩვენ გვსურს კონსტრუქციული, პრაგმატული ურთიერთობები განვავითაროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დავრჩებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, რომელიც ეხება ჩვენს ტერიტორიებს – ჩვენს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ სიმშვიდისკენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და ყველა საერთაშორისო ბერკეტს ვიყენებთ და გამოვიყენებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ რამდენიმე სახელმწიფოსთვის და პარტნიორი სახელმწიფოები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს.