„მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, - ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კიასტუტის იანკაუსკამ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ბერუჩაშვილმა მისიის მნიშვნელობისა და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
საგარეო სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო.
„აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.