საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა კანონპროექტით, რომლის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, 13-14 მაისს სტიქიით დაზარალებულები ფინანსური ინსტიტუტებიდან სასესხო ვალდებულებების პატიების შედეგად მიღებული სარგებლის, ასევე, 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებლის გადასახადს აღარ გადაიხდიან.
კანონპროექტით, შეღავათი წესდება 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური პირის მიერ მიღებულ სარგებელზეც.
„ელექტროენერგიის გამნაწილებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის მოვალესთვის პატიების შემთხვევა მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებად არ მიიჩნევა და 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში მიწოდებული ელექტროენერგიის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძველი არ იქნება“ - განმარტა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.