
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში რუსულენოვანი ფილმების კანონმდებლობის დარღვევით გაშვების საკითხს განიხილავს და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე იმსჯელებს - ამის შესახებ განცხადებას „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF) ავრცელებს.
ფილმების კანონდარღვევით ჩვენების შესახებ საჩივრით კომისიას მიმართა MDF-მა, რომელიც იტყობინება, რომ „2015 წლის 22 მარტს მედიაკავშირ „ობიექტივის“ ეთერში რუსულენოვანი ფილმი - ანდრეი კონდრაშოვის „ყირიმი - გზა სამშობლოსკენ“, ხოლო 3 მაისს ვლადიმერ სოლოვიოვის „პრეზიდენტი“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სახელმწიფო ენაზე თარგმნისა და სუბტიტრების გარეშე გავიდა“.
კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მოკვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ობიექტივის“ ეთერში საჩივარში მითითებული რუსულენოვანი ფილმების განთავსება არამართლზომიერად მოხდა და კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები დაარღვია. მაუწყებელმა მარეგულირებელს ვერც აღნიშნული ფილმების საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარუდგინა".
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 511თანახმად, „არასახელმწიფო ენაზე წარმოებული ფილმი მაუწყებლის ეთერში უნდა განთავსდეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებული“. კომისიის 2009 წლის 30 ოქტომბრის N3 დადგენილების თანახმად კი, „არასახელმწიფო ენაზე (ქართულ და აფხაზურ ენებზე წარმოებული ფილმების გარდა) წარმოებული მხატვრული, ასევე დოკუმენტური ფილმი, ტელეფილმი, ფილმის სერია ან სერიალი, კერძო (საერთო ან სპეციალიზებული) მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის, აგრეთვე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო ბადეში განთავსდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულ ან აფხაზურ ენაზე დუბლირებული სახით".
16 ივლისს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიის განვითარების ფონდის მიმართვას განიხილავენ.