სავაჭრო ცენტრ „გორგიაში“ ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, დავით გელაშვილის თქმით, ძლიერი კვამლის გამო დაშავდა დაცვის 2 თანამშრომელი და 6 მომსახურე პერსონალი. მისი თქმით, ყველა დაშავებულს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს.
„მათი ნაწილი გადაყვანილია საავადმყოფოში, ნაწილს კი ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.
მისი თქმით, ცეცხლი შენობის 50-60 კვ მეტრ ფართობზე გავრცელდა, თუმცა „გორგიაში“ განთავსებული პროდუქციის დიდი ნაწილი არ დაზიანებულა.
„ზარის შემოსვლისთანავე ადგილზე გავიდა 4 სახანძრო და 1 სამაშველო სამსახური. ხანძარი დაფიქსირდა შენობის კედელში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხანძარი კაბელის არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია, თუმცა მიზეზს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, - განაცხადა გელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ავეჯს ცეცხლი წაეკიდა, რასაც დიდი რაოდენობით კვამლი მოჰყვა. სამუშაო საათები ჯერ არ იყო დაწყებული და თანამშრომლები შენობაში არ იმყოფებოდნენ. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ რამდენიმე თანამშრომელმა გადაწყვიტა პროდუქციის გადარჩენა. ამან გამოიწვია მათი მსუბუქი ინტოქსიკაცია“, - განაცხადა „გორგიას“ მარკეტინგული კომუნიკაციის მენეჯერმა, გიორგი ბახუტაშვილმა.