ბოლო პერიოდში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები შეინიშნება,- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნული განსაკუთებით თვალშისაცემია საკურორტო ზონებში, სადაც ჭარბად არიან უცხო ქვეყნის ტურისტები. მოვუწოდებ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლებს, დაიცვან კანონი და რეცეპსტდაქვემდებარებული პრეპარატები ექიმის დანიშნულებისა და შესაბამისი რეცეპტის გარეშე მოქალაქეებზე არ გაიცეს. ასევე მოვუწოდებ წამლის სააგენტოს, ყურადღება გაამახვილოს აღნიშნულ საკითხზე და სამართალდარღვევის ფაქტები აღკვეთოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხუნდაძის თქმით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი რეალიზატორებს ავალდებულებს, მოქალაქეები იმ მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარებისგან დაიცვან, რომლებიც შეიძლება, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს მათთვის.
„კანონი სარეცეპტო სისტემის შესახებ მივიღეთ სწორედ იმ მიზნისთვის, რომ აღვკვეთოთ სააფთიაქო ნარკომანია და თვითმკურნალობის მავნე ჩვევები. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. მოვუწოდებ ყველას, დაიცვან კანონი და იმოქმედონ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია ხუნდაძის განცხადებაში.