Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოქსფამი": არასრულფასოვანმა კვებამ საქართველოს მოსახლეობაში ზრდის შეფერხება გამოიწვია

16 ივლისი, 2015 20:39

ორგანიზაცია „ოქსფამმა“ საქართველოში კვებასთან დაკავშირებული გამოწვევების პირველადი მიმოხილვის ანგარიში წარმოადგინა. 
„ოქსფამი" 2013 წლიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასურსათო უსაფრთხოების პროექტს ახორციელებს. მის მთავარ მიზანს სამხრეთ კავკასიაში ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა წარმოადგენს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოსახლეობის 95% სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ რეკომენდებულ ნორმაზე მეტ კალორიას იღებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით კვების უკმარისობა არ არის ფართოდ გავრცელებული პრობლემა. მოსახლეობის დიდი ნაწილი სათანადო რაოდენობის კალორიებს იღებს, მაგრამ მათი საკვები სრულფასოვანი არ არის. 

„არასრულფასოვანი კვება ნიშნავს საკვები ნივთიერებების დეფიციტს და შაქრისა და ცხიმის ჭარბ რაოდენობას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად საზოგადოების, განსაკუთრებით კი ღარიბი და უკიდურესად ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე", - ნათქვამია კვლევაში.

კვებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების დასადგენად კომპლექსური შეფასებების მიხედვით: 
კვების ხარჯი ოჯახის ხარჯის დიდ ნაწილს შეადგენს; ღარიბი მოსახლეობის სურსათზე დანახარჯი მთლიანი ხარჯის ნახევარს აღემატება, ხოლო მთელი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხარჯის თითქმის ნახევარს შეადგენს. 

მეორე მხრივ, სურსათის ფასი მაღალია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა თანხის ეკონომიას მრავალფეროვან საკვებ პროდუქტებზე უარის თქმით ცდილობს. 

ფინანსური ხელმიუწვდომლობის გამო, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში გავრცელებულია ზრდის შეფერხება და იოდისა და რკინის დეფიციტი.

FAO-ს მონაცემებით, ზრდის შეფერხება „ზომიერად“ მიიჩნევა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობას რკინის დეფიციტის/ანემიისა და ორსულთა შორის ანემიის შესახებ აქვს მონაცემები, მაგრამ იოდის დეფიციტის რეგულარულ მონაცემებს არ აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ზრდის შეფერხების შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და FAO-ს მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. UNICEF-ის მონაცემებით, 2005 წელს საქართველოში ბავშვების 32%-ს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება აღენიშნებოდა. UNICEF-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, ანემია აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვების 22.8%-ს, არაორსულ ქალთა 24.1%-ს და ორსულების 25.6%-ს. 

UNICEF-ის აზრით, ეს მონაცემები გვიჩვენებს, რომ „საკვები ნივთიერებების დეფიციტი იმდენად დიდია, ქრონიკული ხასიათი აქვს და პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად (როგორიცაა შესაბამისი განათლება), საჭიროა ასევე პირდაპირი მიდგომების გამოყენება". 

კვლევაში ნათქვამია, რომ ჭარბი კვების პრობლემა საქართველოში მკაფიოდ არის გამოკვეთილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2008 წელს ზრდასრული მამაკაცების 16% -ს და ქალების 27% -ს ჭარბი წონა აწუხებს. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჭარბწონიანია. მაღალია ჭარბწონიანი ბავშვების პროცენტული წილი. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში გაიზრდება.

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჭარბწონიანობა და საკვები ელემენტების დეფიცტი „ორმაგ ტვირთს“ წარმოადგენს. ხშირად ჭარბწონიანობის რისკის მქონე ბავშვები ასევე განიცდიან ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას. 2010 წლის რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და 2009 წლის საქართველოს ეროვნული ნუტრიციული კვლევები ზრდის შეფერხებასა და ჭარბწონიანობას შორის ურთიერთდამოკიდებულებას გვიჩვენებს.

ბავშვებში ზრდის შეფერხების ყველაზე მაღალი დონე (20%) აჭარასა და გურიაში აღინიშნება. ეს რეგიონები ჭარბწონიანობის მაჩვენებლის მიხედვითაც მეორე ადგილზე არიან. გურიისა და აჭარის შემდეგ, ზრდის შეფერხება იმერეთსა და რაჭა-სვანეთში შეინიშნება (15%). ზრდის შეფერხებისა და ჭარბწონიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კახეთის რეგიონსა და თბილისშია.

არაჯანსაღი კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

2010 წელს საქართველოში გულსისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა. ჯანდაცვის საკითხთა მკვლევარის, თამარ ჩიტიშვილის თქმით, მოსახლეობის 94%-ს აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მინიმუმ ერთი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება, ჭარბი წონა, გულის შეტევა და ინსულტი. ამ ფაქტორების უმეტესობა ჭარბ წონასთან არის დაკავშირებული, რომლის გამომწვევი მიზეზი არაჯანსაღი კვება და ვარჯიშის ნაკლებობაა.

„კავკასიის ბარომეტრის" მონაცემების მიხედვით, 2013 წელს შემცირდა იმ ადამიანების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არ აქვთ საკმარისი ფული სურსათის შესაძენად, მაგრამ მოსახლეობის 60%-ზე მეტს კვლავ არ აქვს ფინანსური საშუალება, რომ შეიძინოს საქონლის ან ღორის ხორცი.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტენდენცია არსებობს და აქედან გამომდინარე, ოჯახის მთლიან ხარჯში მაღალია კვების წილი.

„ფინანსურად შეჭირვებული ადამიანები იძულებული არიან, დაზოგონ თანხა კვებაზე. აქედან გამომდინარე, მათი კვების რაციონი ერთფეროვანია".

საქართველოში კვებასთან დაკავშირებული გამოწვევების პირველადი მიმოხილვის ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში პრობლემის გადაჭრის გზებია წარმოდგენილი:

„პრობლემის დადგენა: პრობლემის მასშტაბის შესაფასებლად აუცილებელია კვების ინდიკატორების შესახებ ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების რეგულარული შეგროვება საერთაშორისო სტანდარტის საფუძველზე. ამის შედეგად უნდა შემუშავდეს მიზნობრივი და წარმატებული დახმარების პროგრამები მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით.

საკვების უკმარისობა: მოსახლეობის უღარიბესი ფენებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კვების რაციონის მრავალფეროვნების აუცილებლობა; არასრულფასოვანი კვების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები უნდა მოიცავდეს როგორც გრძელვადიან არაპირდაპირი ზემოქმედების პროგრამებს, ისე პირდაპირ ზემოქმედებას (სკოლებში კვების გაუმჯობესება);

ძალისხმევის კოორდინირება: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და მასმედიამ უნდა გამართონ მეტი დისკუსია კვების საკითხებზე და თავიანთი საქმიანობის მთავრობასთან კოორდინირება უნდა მოახდინონ".

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^