გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ანგარიშის თანახმად, „2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფIთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი".
ანგარიში, რომელიც საზოგადოებას გარემოს დაცვის მინისტრმა გააცნო, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადეს.
„სპეციალისტების მიერ საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო (ისტორიული) გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე შედგენილი იქნა წინასწარი ანგარიში, რომელშიც მოცემულია მდ.ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითარებული კატასტროფების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე საშუალოვადიან პერსპექტივაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა მდ.ვერეს ხეობაში კატასტროფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადაუდებელი დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გასცემდნენ" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.