
საგადასახადო კოდექსში ცვლილებათა კანონპროექტით, რომლის ავტორიც დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეა, საგადასახადო კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკისა და ყადაღის ფარგლებს, კერძოდ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ყადაღა შეიძლება, დაედოს გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ქონების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც საკმარისია არსებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
„დღევანდელი კანონმდებლობით, საგადასახადო ორგანოს აქვს შესაძლებლობა, გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ქონების მიმართ განახორციელოს დაუსაბუთებელი და არააუცილებელი შემზღუდველი/რეპრესიული ღონისძიებები, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მეწარმე სუბიექტის ინტერესებს. წარმოდგენილი კანონპროექტით, ხდება საგადასახდო ქმედებათა გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა", - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილების პროექტით, საგადასახადო კოდექსს 241-ე მუხლის 241-ე პრიმა მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც საგადასახადო გირავნობის, იპოთეკის ან ყადაღის რეგისტრაციისთვის შესაბამისი ორგანოსადმი მიმართვამდე საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განახორციელოს გადასახადის გადამხდელი ან სხვა ვალდებული პირის ქონების იდენტიფიცირება და შეფასება.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის საგადასახადო ორგანოს ვალდებულება, საინკასო დავალების საფუძველზე ზედმეტად ჩამოწერილი თანხა ჩამოწერიდან სამი დღის ვადაში დააბრუნოს შესაბამის საბანკო ანგარიშზე, პირადი ინიციატივით.