
ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირება იმისთვის ხდება, რომ გრძელვადიან პროცესში კომპანიებმა გამართულად იმუშაონ და მომხმარებელს ელექტროენერგია 24-საათიან რეჟიმში, გათიშვის გარეშე მიეწოდებოდეს - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს განსაკუთრებული ვითარება გვაქვს. ვიცით, რომ დოლარის გამყარებამ მსოფლიოში ეს პროცესები გამოიწვია. ვიცით ისიც, რომ სექტემბრიდან მარტის ჩათვლით ელექტროენერგიის შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან - რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან გვიწევს, სადაც მისი საფასური ყოველწლიურად 10%-ით მატულობს. მნიშვნელოვანია, რომ თბოელექტროსადგურებს, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, ბუნებრივი აირი შემოაქვთ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან, სადაც ანგარიშსწორება დოლარში ხდება, ადგილობრივ მოსახლეობაზე კი ელექტროენერგია ლარში იყიდება. ამ ყველაფერმა გამოიწვია ტარიფის კორექტირება. რაც შეეხება სუბსიდირებას, დღეს შევიკრიბებით და გადაწყვეტილებას მოსახლეობას ხვალ წარვუდგენთ" - თქვა ენერგეტიკის მინისტრმა.
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. ტარიფი 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.
კომისიამ არ დააკმაყოფილა კომპანიის თავდაპირველი მოთხოვნა ტარიფის 4,8 თეთრით გაზრდის შესახებ. კომპანიის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ „ენერგო პრო ჯორჯია“ იძულებული გახდება, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით განაცხადი სემეკში რამდენიმე თვეში ისევ შეიტანოს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თუ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს.
„აუცილებლად იქნება სუბსიდირება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის" - თქვა პრემიერმა.