
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, რომელიც 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით მონაცემებს ასახავს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ დოკუმენტში საქართველო მე-2 კალათაში მოხვდა ევროკავშირის ისეთ ქვეყნებთან ერთად, როგორებიცაა: ხორვატია, კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მალტა, რუმინეთი, სლოვენია - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის − 65%-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65%-ით.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან" - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით 184 სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს ყოველ წელს აფასებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ამ საქმიანობაში.