ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „პანორამა თბილისი" მავნებლურ პროექტად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და მისგან მართულ ორგანიზაციებს მიაჩნიათ.
როგორც ივანიშვილმა „გურიანიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ არა მისი ახირება, არცერთი ინვესტორი ამ პროექტს არ განახორციელებდა.
„იქ იმდენი ექსკლუზივი კეთდება და ისეთი ძვირი რამე კეთდება, შეიძლება იქიდან ფული ვერასდროს დაიბრუნო და რენტაბელურიც ვერ გახდეს. ამ ექსკლუზიურ ნაწილს სწორედ მე ვაფინანსებ პირადად და არა პარტნიორები. თუკი შეიძლება, რომ პატივი სცე რამეს - ისტორიას, კულტურას, ლანდშაფტს, ბუნებას - ყველაფერი მაქსიმალურად დაცულია", - ამბობს ივანიშვილი.
მისი თქმით, იმ ადამიანთა ნაწილი, რომელებიც „პანორამა თბილისის" პროექტს აპროტესტებენ, გულწრფელია.
„რა ვუყოთ „ნაციონალურ მოძრაობას" და მათგან მართულ NGO-ებს, თუმცა ისეც არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში ჩავყარო. ამ ხალხში რამდენიმე ათეული გულწრფელია და გინდ რამდენიმე ასეულიც იყო, არ მონდა ყველას ხაზი გადავუსვა და „ნაციონალებისგან" მართული ვუწოდო. ეს მათი უფლებაა. „ნაციონალებს" სურთ, რომ არ აშენდეს. საყრდისის საბადოზე იყო ლაპარაკი და იქაც იგივე პრობლემა მიდის, რომ უნდა გაჩერდეს. მათ უნდათ, რომ ეკონომიკა გაჩერდეს" - ამბობს ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილმა, „რომელიც სათავეში ედგა ამ პროცესებს", არასწორი განცხადებები გააკეთა.
„ელისაშვილს რამდენიმე სიცრუე დავულაგე, როგორ ცრუობდა, როგორი არაობიექტური იყო, როგორ გადავიდა აბსურდში როცა ამბობდა, პროექტი კარგია, მაგრამ სხვაგან უნდა აშენდესო. ტყუბულშიო, და მერე იტყვიან რათ გვინდა ტყუბილშიო, ტყიბვულს შეურაცხყოფა არ ვაყენებ. დღეს ელისაშვილი პასიური მონაწილეა, სხვა ლიდერები წამოვიდნენ. ელისაშვილზე უდიდესი დრო დავხარჯეთ და ვანახეთ საზოგადოებას, რამდენ ადგილზე იცრუა და გააკეთა არასწორი განცხადებები", - ამბობს ივანიშვილი „გურიანიუსთან" ინტერვიუში.