ენერგეტიკის მინსიტრ კახა კალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სემეკი თბილისის მოსახლეობისთვის ტარიფების კორექტირების გადაწყვეტილებას მიიღებს, სოციალურად დაუცველები ამ ცვლილებას ვერ იგრძნობენ.
რაც შეეხება „ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებს, ვისთვისაც ტარიფი იზრდება, მინისტრი ამბობს, რომ მათთვის სუბსიდირება ბიუჯეტიდან მოხდება და ამისთვის წლის ბოლომდე 6 000 000 ლარი დაიხარჯება.
სემეკის 23 ივლისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი „ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის დღგ-ს გარეშე 3,348 თეთრით გაიზარდა. ტარიფი 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.
რაც შეეხება თელასისთვის ტარიფის დადგენის საკითხს, ამაზე სემეკში 31 ივლისის საჯარო სხდომაზე იმსჯელებენ. როგორც „ლიბერალს" სემეკის პრესსამსახურში უთხრეს, ენერგოგამანაწილეელმა კომპანიამ სემეკს ხუთშაბათს მიმართა.
„სხდომაზე თელასისთვის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით ოფიციალური საქმის წარმოება დაიწყება, განისაზღვრება კომისიაში წარმოსადგენი წინადადებების ვადა, ასევე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა. ზოგადად, კომისიას ტარიფის დადგენისთვის კანონმდებლობით 150-დღიანი ვადა აქვს", - აცხადებენ სემეკში.