თბილისის ბიუჯეტი 46 მლნ ლარით იზრდება და მისი საერთო მოცულობა 959 მლნ ლარი ხდება - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას თქმით, 46 მლნ-დან მნიშვნელოვანი ნაწილი 13-14 მაისის სტიქიით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებას ითვალისწინებს.
„დაახლოებით 17 მლნ გათვალისწინებულია დაზიანებულ ობიექტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა გზის აღდგენა, მდინარე ვერეს ხეობის მოწყობა. 20 მლნ-დან, რომელიც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება, 10 200 000 ფონდმა „ქართუმ“ გადმორიცხა. დანარჩენი 9 მლნ სხვადასხვა პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს, მათ შორის, 5 მლნ-ით ოლიმპიადის დაფინანსებას. მართალია, ოლიმპიადა დასრულდა, მაგრამ მთავრობას თავიდანვე ჰქონდა 5 მლნ გამოყოფილი, ოლიმპიადის საერთაშორისო დონეზე გასაშუქებლად, - უთხრა სამუშიამ ჟურნალისტებს.
მისი განმარტებით, ოლიმპიადა ღირსეულად ჩატარდა, თუმცა დეპუტატებს ბევრი კითხვა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ „რატომ დაიხარჯა 90 მლნ ოლიმპიადისთვის მზადებაში“.
დეპუტატებმა წარდგენილი პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.