
სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ე.წ. კორტების საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ომბუდსმენს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ მოუნახულებია. სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოინახულეს ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანამდე და მას შემდეგაც. ასევე, შესაბამისი რეაგირება მოახდინეს ბრალდებულის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებს და რომელთა შესახებ თავად პატიმარი ფირცხალავა წერილობით ინფორმირებულია.
ირაკლი ფირცხალავას სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური დეპარტამენტისგან ბრალდებულის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანის მიზეზი მოითხოვა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ფირცხალავასთან ვიზიტი განახორციელეს როგორც 30 ივლისს (თუმცა შეხვედრა ვერ შედგა ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ყოფნის გამო), ასევე, 1 აგვისტოს, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევას მიესალმება, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მიუღებლად მიაჩნია განცხადების გავრცელება ფაქტობრივი გარემოებების გადამოწმების გარეშე, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.