
თბილისის მერიამ 2015-2020 წლების გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ჰაერის, წყლის, ურბანული გარემოსა და ბიომრავალფეროვნების, მყარი ნარჩენების მართვის კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს ასახავს. დოკუმენტში მოცემულია ამოცანები, რომლებიც პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა შესრულდეს. მერიამ სტრატეგია დასამტკიცებლად საკრებულოის გაუგზავნა.
„ლიბერალი" დოკუმენტიდან ჰაერისა და წყლის ქვეთავებში წარმოდგენილი პრობლემების ნაწილს გთავაზობთ:
ჰაერი
დღესდღეობით თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. სამი სადამკვირვებლო სადგური საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული სურათის შესაქმნელად. სადამკვირვებლო სადგურების მონაცემებით ჰაერი უმეტესწილად ქალაქის ცენტრალურ უბნებშია დაბინძურებული, სადაც ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს.
დღესდღეობით თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია არ არსებობს. სამი სადამკვირვებლო სადგური საკმარისი არაა თბილისის ჰაერის მდგომარეობის შესახებ სრული სურათის შესაქმნელად. სადამკვირვებლო სადგურების მონაცემებით ჰაერი უმეტესწილად ქალაქის ცენტრალურ უბნებშია დაბინძურებული, სადაც ტრანსპორტი ინტენსიურად მოძრაობს.
თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი - ჰაერში საერთო დაბინძურების გაფრქვევის 90 პროცენტზე მეტი მოდის ავტოტრანსპორტზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების დიდი რაოდენობით ემისია მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, მათ შორის არის საგზაო მოძრაობის არასათანადო ორგანიზება და მართვა, საწვავის დაბალი ხარისხი, კატალიზატორის კონვერტორის გაუმართაობა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ასაკი.
სამგზავრო მანქანების რაოდენობა ქვეყანაში 2001 წლის შემდეგ გაორმაგდა, ხოლო ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა გასამმაგდა. გლობალური ტენდენციების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ არ გავითვალისწინებთ შესაძლო ცვლილებებს პოლიტიკაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში მანქანათმფლობელობა გაორმაგდება.
ქვეყნის მასშტაბით დღეს მილიონამდე ავტომობილია, აქედან 40% დედაქალაქშია თავმოყრილი - წლევანდელი მონაცემებით ქ. თბილისში რეგისტრირებულია 382,285 ავტომობილი. თბილისის უზომოდ გაზრდილი ავტოპარკის ძირითადი ნაწილი მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ტექნიკურ და გარემოსდაცვით მოთხოვნებს.
ამოცანები:
- იმპორტირებულ ავტომობილებზე ასაკობრივი ლიმიტის დაწესება;
- საწვავის ხარისხისა და გამონაბოლქვის მოთხოვნების თანდათანობითი გამკაცრება;
- მანქანების ყოველწლიური ტექნიკური დათვალიერების ხელახალი შემოღება, გამონაბოლქვის შემოწმების ჩათვლით.
- ავტომობილების რაოდენობის შემცირების მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ეკოტრანსპორტით ჩანაცვლება;
- ელექტრო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება და ტრანსპორტის ალტერნატიული სახეობების წინა პლანზე წამოწევა;
- საფეხმავლო და ველობილიკების არსებული ქსელის გაფართოება;
- ახალი საფეხმავლო გზებისა და ველობილიკების მოწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
ხმაური
ბოლო მონაცემები ხმაურზე თბილისში 2005 წელსაა აღებული. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ვარაზისხევში დაფიქსირდა. ხმაურით დაბინძურებული სხვა უბნები მოიცავს ვაჟა-ფშაველას გამზირს, მელიქიშვილის ქუჩას, რუსთაველის, წერეთლის გამზირს, კოსტავას ქუჩას და თბილისის ზოგ სხვა ცენტრალურ ტერიტორიას.
ავტომობილების ხმაურის მახასიათებლების შემოწმება ადრე ყოველწლიურად ეკო-დიაგნოსტიკურ პუნქტებში ხდებოდა. პუნქტები ამჟამად არ ფუნქციონირებენ და ავტომობილების ხმაურის მახასიათებლების შემოწმებაც არ ხდება. ამასთანავე, ხმაურის წყაროა სამრეწველო ობიექტებიც. მსხვილი სამრეწველო ობიექტები, ჩვეულებრივ, გარემოზე ზემოქმედების ნებართვას საჭიროებენ. შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში უნდა მოხდეს ხმაურის ნორმების გათვალისწინება და შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვა. თუმცა არ არსებობს ამ ნორმების აღსრულების კონკრეტული, ეფექტური მექანიზმები.
ამოცანები:
v ქალაქის ხმაურის რუკის შექმნა ევროპისა და ეროვნული საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;
v გზების საფარის მოწესრიგება;
v ახალი, შედარებით ხმაურგამძლე შენობების აშენება და ძველი შენობების დაცვა ხმაურის დაბინძურებისგან;
v ტრანსპორტის ნაკადის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში;
წყალი
ზედაპირული წყლების ხარისხის არასრულყოფილი მონიტორინგის გამო, მონაცემები ზედაპირული წყლების მდგომარეობის შესახებ მწირია. მონიტორინგის არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში წყლის დაბინძურების ძირითადი წყაროა მუნიციპალური ჩამდინარე წყლები. საქართველოში ამჟამად არსებული თითქმის ყველა გამწმენდი ნაგებობა მწყობრიდან გამოსულია და არ ფუნქციონირებს.
მტკვარი
მდინარე მტკვარი თბილისში დაბინძურებულია ძირითადად ნუტრიენტებით. განსაკუთრებით, ამონიუმის აზოტით, რომლის კონცენტრაციები რამდენჯერმე აღემატება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის დასაშვებ საქართველოში მოქმედ, ასევე თევზის ეკოსისტემების შენარჩუნებისათვის აუცილებელ ევროკავშირის ზღვრულად დასაშვებ სტანდარტებს. აღნიშნული დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს გაუწმენდავი ურბანული ჩამდინარე წყლების პირდაპირი ჩაშვებით და სოფლის მეურნეობაში აზოტის შემცველი სასუქების ჭარბი გამოყენებით. აქედან გამომდინარე, თბილისის ქვემოთ არსებული ქალაქის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა საკმარისი არ არის მდინარე მტკვრის დაბინძურების პრობლემების გადასაჭრელად.
ძირითადი პრობლემად რჩება ძლიერი დაბინძურება სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემებით და მყარი ნარჩენებით.
ამჟამად, ფუნქციონირებს ერთი ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, ხოლო მეორე, გარდაბანში არსებული გამწმენდი ნაგებობა, რომელიც თბილისიდან და რუსთავიდან ტრანსპორტირებული მუნიციპალური ჩამდინარე წყლების გაწმენდას ემსახურება, უზრუნველყოფს მხოლოდ პირველად, მექანიკურ გაწმენდას. გარდა ამისა, ჩამდინარე წყლების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ უერთდება შემკრებ სისტემას და პირდაპირ ჩაედინება მდინარე მტკვარში. გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის სანებართვო პირობებით გათვალისწინებულია მისი სრული რეაბილიტაცია 2018 წლამდე. თუმცა, ჯერჯერობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა.
მცირე მდინარეები
თბილისის მცირე მდინარეების დაბინძურება უშუალოდ აისახება ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფ მტკვარზე, რომელიც თავის მხრივ პრობლემას ფართომასშტაბიანს ხდის. მდინარე მტკვარი ძირითადად ბინძურდება კომუნალური ჩამდინარე წყლებით, რაც აისახება წყალში ზოგიერთი ბიოგენური ელემენტის მომატებაში. ქ. თბილისის ფარგლებში მდინარე მტკვრის შენაკადები ბიოგენური ელემენტების დაბინძურების ხარისხის უფრო მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან, ვიდრე თვით მტკვარი.
ქ. თბილისში საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები ფაქტობრივად გაერთიანებულია და პირდაპირ, ყოველგვარი გაწმენდის გარეშე, ჩაედინება ამ მდინარეებში. იმის გამო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მშენებლობათა რიცხვი, ასევე იმატა მოსახლეობის რაოდენობამ და მისმა კონცენტრაციამ ქალაქში, ამის პროპორციულად გაიზარდა საკანალიზაციო წყლების ჩამონადენისა და სამშენებლო ნარჩენების ამ მდინარეებში მოხვედრის ინტენსივობაც. ეს პროცესი სრულიად დაურეგულირებელია, რის გამოც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უფრო სავალალო მდგომარეობას მივიღებთ.
თბილისის მცირე მდინარეები დღესდღეობით ფაქტობრივად წარმოადგენს ღია საკანალიზაციო კოლექტორებს, მათ შორის მდინარე ხევძმარა და ნაწილობრივ მდინარე ვერე გადახურულ საკანალიზაციო კოლექტორს.
მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის მცირე მდინარეების დაბინძურებული წყლის (ამ წყლების გამწენდი ნაგებობების უმრავლეს შემთხვევაში არ არსებობის თუ გამფილტრავი მოწყობილობის სიმწირის გამო) გამოყენება. ეს წყლები გამოიყენება, როგორც ბაღ-ვენახებისა და და სხვადასხვა სახის მეურნეობების სარწყავად, ასევე საბანაოდ. აღნიშნული ვითარება პრობლემას უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, რომელიც დღეს სამწუხაროდ სერიოზულად არ არის აღქმული.
მოსახლეობა მათ უყურებს, არა როგორც მათი ქალაქის განვითარების სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილს, არამედ როგორც გამოუსადეგარ ტერიტორიას და აქტიურად იყენებს მას ნაგავსაყრელად.
ძირითადი პრობლემები
- თბილისის ტბების და წყალსატევების მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რაც გამოწვეულია არასათანადო სანიტარიული პირობებით, გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების უკანონო ჩაშვებით და რეკრეაციული ზონების არასათანადო მოვლით;
- კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას სარეკრეაციო წყლების ხარისხის, დაბინძურების ხასიათის, მიზეზების და ხანგრძლივობის, შესაძლო საფრთხეების და გატარებული ღონისძიებების შესახებ.
- ზოგადად, საქართველოს წყლის შესახებ არსებული კანონმდებლობა ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივია. იგი არ შეიცავს დაბინძურებისა და წყლის ჭარბი მოხმარების პრევენციის ეფექტურ მექანიზმებს და არ იძლევა წყლის მართვის გამართული სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობას.
- კანონაღსრულების სისუსტე და მოსახლეობის კანონიერებისადმი დამოკიდებულების დაბალი ხარისხი;
- მდინარეების და წყალსაცავების დაბინძურება ნარჩენებით და საკანალიზაციო წყლებით;
- შესაბამისი მონიტორინგის არარსებობა.
მიწისქვეშა წყლები
1990 წლის შემდეგ მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი საქართველოში შეწყდა და ამდენად, უახლესი მონაცემები მიწისქვეშა წყლების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ არ არსებობს. საქართველოში სარეკრეაციო წყლები იგივე რეგულაციებს ექვემდებარება, რასაც ზოგადად, ზედაპირული წყლები.
ძირითადი პრობლემები
- თბილისის მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის სისტემა არ არსებობს.
- მიწისქვეშა წყლებზე ინფორმაცია არ არსებობს
წყალმომარაგების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები
ავარიების და გაჟონვების დროს ხდება სასმელი წყლისა და საკანალიზაციო წყლების შერევა, რაც თავის მხრივ იწვევს მძიმე მოწამვლებს და ეპიდემიურ დაავადებებს. ამორტიზებული საკანალიზაციო სისტემა და გამწმენდი ნაგებობის არასრულყოფილად ფუნქციონირება ამძიმებს პრობლემებს.
თბილისის ინფრასტრუქტურებიდან ერთერთი ყველაზე მოწყვლადია სანიაღვრე სისტემა, რომლის სრულ მოუწესრიგებლობას 2012 წელს ძლიერი წვიმების დროს ადამიანების დაღუპვა მოყვა. 2015 წლის 13 ივნისს დატრიალებული სტიქიური უბედურების დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა სანიაღვრე სისტემის სავალალო მდგომარეობა.