
გაეროს კვლევის თანახმად, რომელიც მსოფლიო პოპულაციის ზრდისა და შემცირების დინამიკას ასახავს, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 12,9%-ით შემცირდება.
2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 868 000, 2050 წელს - 3 483 000, 2100 წელს კი 2 438 000 ადამიანი იქნება, - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკს, კვლევის თანახმად, 1950 წელს ეს მაჩვენებლი 27,3 წელი იყო, 1980 წელს - 29,1 წელი, 2015 წელს საშუალო ასაკი 37,5 წელია, 2030 წლისთვის - 42 იქნება, 2050 წელს - 45, ხოლო 2100 წელს - 48,5 წელი.
კიდევ ერთი ცხრილი, რომელიც კვლევაშია მოცემული, დროის სხვადასხვა პერიოდში ერთ ქალზე შვილების საშუალო რაოდენობას ასახავს. ამ მონაცემებით, 1975-1980 წლებში საქართველოში ერთ ქალს საშუალოდ 2,39 ბავშვი ჰყავდა, 1990-1995 წლებში - 2,05, 2005-2010 წლებში - 1,80, 2010-2015 წლებში - 1,81 ბავშვი. კვლევის თანახმად, 2015-2020 წლებში ეს მაჩვენებელი 1,82 იქნება, 2025-2030 წლებში - 1,83, 2095-2100 წლებში კი -1,87 ბავშვი.
რაც შეეხება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, 1990-1995 წლებში ეს მაჩვენებელი 70,1 წელი იყო, 2005-2010 წლებში - 73,7, 2010-2015 წლებში - 74,6 წელი. კვლევის თანახმად, 2015-2020 წლებში მოსახლეობის საშუალო ასაკი 75,4 წელი იქნება, 2025-2030 წლებში - 76,9, 2045-2050 წლებში - 79,8 ხოლო 2095-2100 წლებში - 86,4 წელი.