თბილისის მერიამ 2015-2020 წლების გარემოსდაცვითი სტრატეგია შეიმუშავა, რომელიც ჰაერის, წყლის, ურბანული გარემოს, მყარი ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნებისა და მწვანე ნარგავების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობასთან ერთად სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობას, მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახავს. დოკუმენტში მოცემულია ამოცანები, რომლებიც პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა შესრულდეს. მერიამ სტრატეგია დასამტკიცებლად საკრებულოს გაუგზავნა.
„ლიბერალი“ დოკუმენტიდან სტიქიური მოვლენებისა და ბუნებრივი კატასტროფების ქვეთავში წარმოდგენილი პრობლემების ნაწილს გთავაზობთ:
სტიქიური მოვლენები / ბუნებრივი კატასტროფები
ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორის 70%-ზე მოხდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის სტიქიური მოვლენები; ამის შედეგად გამოწვეულმა ეკონომიკურმა დანაკარგმა 14 მილიარდ აშშ დოლარს გადაჭარბა.
წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები და მიწისძვრები ბუნებრივი რისკების მაგალითებია, რომლებიც იქცევა კატასტროფად მას შემდეგ, რაც სოფლები და ქალაქები ზიანდება. ამგვარი საფრთხეების გამკლავებისთვის საჭირო პრევენციისა და მომზადების ნაკლებობა თემებს ხდის მოწყვლადს მიყენებული ზიანისადმი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისში მომხდარი ხანძრები და შედეგად გამოწვეული ზიანი. სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ ხანძრების აღკვეთის, მათი შედეგების ლიკვიდაციისთვის გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, თბილისში არ არის მიღწეული სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო დონე. თბილისში ყოველწლიურად ჩნდება საშუალოდ 3500-4000 ხანძარი, რომელთა შედეგადაც იღუპება დაახლოებით 15-მდე ადამიანი, 50-მდე იღებს სხვადასხვა დაზიანებას, ხოლო ტყის მასივებსა და ტყე-პარკებში გაჩენილი ხანძრების შედეგად ნადგურდება ნარგავები და შესაბამისად, ზიანი ადგება როგორც მწვანე საფარს, ასევე გარემოს.
ანთროპოგენური პროცესების შედეგად ბუნებაში სტაბილური პირობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია ბოლო წლებში საქართველოში დატრიალებულმა კატაკლიზმებმა, ენერგეტიკულმა კრიზისებმა. ფერდობების დეფორმაციას, ეროზიული პროცესების, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოშობას ხელს უწყობს ირაციონალურად დაგეგმილი ჰიდროტექნიკური, საგზაო, სასოფლო და საქალაქო მშენებლობები. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არაგემაზომიერმა ათვისებამ, ფერდობებზე ტყეების გაჩეხვამ გამოიწვია ეროზიული, მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება (ახალი კერების წარმოშობა, ჩაკირული კერების გამოცოცხლება).
არაგონივრული სამუშაოების შედეგად, რომლებიც არ არიან გათვლილი გრძელვადიან პერსპექტივაზე, ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაუარესდა გეოეკოლოგიური მდგომარეობა. მთელ რიგ სარწყავ ფართობებზე გრუნტის წყლის დონემ აიწია, რამაც გამოიწვია გრუნტების დაჯდომა და ნიადაგის დაჭაობება, მაგისტრალური სარწყავი არხების ზონაში სუფოზიური ძაბრების და მეწყრული კერების წარმოშობა. მსხვილი წყალსაცავების ნაპირების თითქმის 70% დეფორმირებულია სხვადასხვა ტიპის გეოდინამიკური პროცესებით. მიმდინარეობს წყალსაცავების ფსკერის ინტენსიური გავსება ჩამოტანილი მასალით, ამასთან, ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა მათ დროულ გაწმენდას.
სტიქიური ეგზოგეოლოგიური პროცესების განვითარების მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული საქართველოს საავტომობილო გზების თითქმის 30%. მათ შორის, მეწყრული პროცესებით დეფორმირებული და მწყობრიდან გამოსულია თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი. სამთო სამუშაოები (განსაკუთრებით ღია კარიერები) ხელს უწყობს ეროზიების, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოშობას. გეოლოგიური გარემოს ნეგატიურ ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენს ურბანიზაციის პროცესი, დიდ ქალაქებში მოსახლეობის რიცხობრივი ზრდა. ბოლო წლებში ქ. თბილისის მოსახლეობამ გადააჭარბა 1.5 მილიონს, რამაც მოითხოვა ქალაქის საზღვრების გაფართოება, მისი შემოგარენის არაგეგმიური ათვისება. დეფორმირებული და საცხოვრებლად უვარგისია ქალაქის, განსაკუთრებით მისი ძველი უბნების საცხოვრებელი სახლები, რასაც, უკანასკნელ წლებში სეისმოგეოლოგიური პროცესების გააქტიურების შედეგად, სტიქიური უბედურებები, მათ შორის, ადამიანის მსხვერპლიც კი მოჰყვა.
ტყეების დეგრადაცია პირდაპირ კავშირიშია ბუნებრივ კატასტროფებთან. არსებული მონაცემებით, სტიქიური მოვლენების შედეგად, საქართველოს ეკონომიკას წელიწადში, საშუალოდ, 200–250 მილიონი ლარის ზარალი ადგება.
2000 წლის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობაში აღარ შედის ქ. თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტროფების მდგომარეობის კუთხით. უკვე 15 წელია არ ხორციელდება კატასტროფების რისკების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების გატარება.
ძირითადი პრობლემები
- არ ხორციელდება ქ. თბილისის ტერიტორიის შესწავლა, ანალიზი და მონიტორინგი ბუნებრივი კატასტროფების რისკები შესახებ;
- მკვეთრად გაუარესდა გეოეკოლოგიური მდგომარეობა, რაც განპირობებულია არამდგრადი ქალაქმშენებლობით.
- მსხვილი ნაგებობების, საავტომობილო და სარკინიგზო გზების, გაზისა და ნავთობის მაგისტრალების მშენებლობები ხშირად ხორციელდება ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური და გეოფიზიკური გამოკვლევების და დასკვნების გარეშე;
- დიდი სამშენებლო პროექტების განხორციელება მათი საჭიროების დასაბუთების, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის და გარემოზე ზეგავლენის შეფასების გარეშე და ხშირად საზოგადოებრივი საჯარო განხილვების გარეშე.
- დასანერგია გეოლოგიური გარემოს მონიტორინგის მეთოდები ქალაქის ტერიტორიაზე;
- კატასტროფის რისკის საკითხები ხშირად ჩართული არ არის გარემოზე ზემოქმედების შეფასებებში;
- კატასტროფის რისკის შემცირებისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხების გათვალისწინების უგულვებელყოფა სივრცითი და ურბანული დაგეგმარების გეგმებში;
- არ არსებობს ქ. თბილისისთვის ბუნებრივი საფრთხეების, ისეთების როგორიცაა წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები, ხანძრები, სრულფასოვანი შეფასება და კომპლექსური მიდგომები მათ შესარბილებლად;
- არ არსებობს სხვა ბუნებრივ კლიმატურ მოვლენებზე (ძლიერი სიცხე, სიცივე) რეაგირების გეგმები.