
„შეხვედრაზე ისეთი საკითხები იყო, რომ შეიძლება ნაწილში კმაყოფილები ვიყოთ. 100%-ით ვერც ერთი მხარე ვერ იქნება კმაყოფილი", - თქვა მძღოლთა საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარემ, გოჩა მაქაძემ შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც შეხვედრის მონაწილე მძღოლები ამბობენ, შეხვედრაზე განხილულ საკითხებს დანარჩენ მძღოლებს გააცნობენ და შემდეგ გადაწყვეტენ, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მუშაობას გააგრძელებენ თუ არა.
შპს „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენელი ნათია მიქიაშვილი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორთან შეხვედრისას ყველა საკითხი განიხილეს, რომელიც მძღოლებმა დააყენეს.
„გავითვალისწინეთ მათი სურვილები და გავაცანით ჩვენიც", - ამბობს მიქიაშვილი. იგი იმედოვნებს, რომ მძღოლები კომპანიის მოთხოვნებს გაითვალისწინებენ და მოძრაობა აღდგება.
„რაც შეეხება ვალების ჩამოწერას, ეს ზოგადი ცნებაა. შევთანხმდით, რომ არსებობს სუბიექტური და ობიექტური მიზეზებით წარმოშობილი ვალი. ობიექტურს რაც შეეხება, როგორიცაა ოლიმპიადიის დროს გზების გადაკეტვა, სტიქიის დროს მგზავრთა რაოდენობის შემცირება, რა თქმა უნდა, ჩამოიწერება. ვალიც ჩამოიწერება იმ შემთხვევაშიც, როცა ავტომობილი ფუჭდება, ტექნიკური პრობლემა აქვს და 10 ან მეტი დღე გაჩერებულია“, - აცხადებს მიქიაშვილი.
კონდიციონერების პრობლემასთან დაკავშირებით მიქიაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა კომპანიამ დააყენა და შეთანხმდნენ, რომ როცა +27, +28 გრადუსია, არ შეიძლება, მძღოლს კონდიციონერი ჩართული არ ჰქონდეს.
„როცა დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი მძღოლები ამ პირობებს გაეცნობიან, იმედი გვაქვს, რომ დღეს საღამოსთვის თუ არა, ხვალ დილისთვის მაინც მოძრაობას აღადგენენ“, - აღნიშნა მიქიაშვილმა.
კომპანიის ხელმძღვანელის დავით ასანიძის განცხადებით, გეგმა ქრონომეტრაჟს ეფუძნება და შესატან თანხას ყველა ხარჯი აკლდება.
„მათ შორისაა მძღოლის ხელფასი, მანქანის მომსახურების თანხა, საწვავის გადასახადი, საგადასახადო და იქიდან დარჩენილი თანხა კი კომპანიაში შემოაქვთ. ეს უსამართლო ვერანაირად ვერ იქნება", - ამბობს ასანიძე.
რაც შეეხება დასვენების დღეებს, ასანიძე მიიჩნევს, რომ წელიწადში 84 დასვენების დღე სამართლიანია, „არც ერთ თქვენგანს არ აქვს ამდენი", - ამბობს ის.
იჯარის გადასახადთან დაკავშირებით კი ასანიძე ამბობს, რომ მძღოლებს წელიწადში 84 დღე შეუძლიათ, იჯარის გადასახადი არ გადაიხადონ.
„იჯარის თანხას, რომელიც 43 ლარია, მძღოლი წელიწადში 281 დღე იხდის. 7 წლის შემდეგ მანქანა მისი ხდება“, - ამბობს ასანიძე.