
მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმის შესახებ კონფერენციაზე, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები, სასამართლოს, პროკურატურის, პარლამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოწმეთა დაკითხვის იმ წესის შესახებ იმსჯელეს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სს საპროცესო კოდექსში საკანონმდებლო ცვლილებების სახით წარადგინა. შეხვედრაზე აქტუალური საკითხი იყო კოდექსში 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიც, რომლებიც ძალაში ჯერაც არ შესულა და რომელმაც, მხარეთა აზრით, უცვლელად ამოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა, სასამართლოს მუშაობის პარალიზება გამოიწვიოს.
2009 წელს სს საპროცესო კოდექსში ცვლილებების თანახმად, მოწმეთა დაკითხვის წესი შეიცვალა. 1998 წლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების ეტაპზე მოწმეს გამომძიებელი კითხავდა. 2009 წელს შესული ცვლილებით, გამოძიების ეტაპზე მოწმე მოსამართლის წინაშე უნდა დაიკითხოს, თუმცა აღნიშნული დებულება რამდენჯერმე გადაიდო და მისი ამოქმედების თარიღად 2016 წლის 1 იანვარი განისაზღვრა.
რას გულისხმობს იუსტიციის სამინისტროს პროექტი
პროექტის თანახმად, სს საპროცესო კოდექსს რამდენიმე საკითხი ემატება. განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის ძირითადი არსი ის არის, რომ გამოსაკითხ პირს ენიჭება უფლებამოსილება, არ გასცეს ინფორმაცია არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ახლო ნათესავის შესახებ. ამასთან, მხარე, რომელიც ატარებს გამოკითხვას, ვალდებულია, გამოსაკითხ პირს წინასწარ მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია.
„ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი იქნება გამოძიების ეტაპზე იმ მოწმის დაკითხვა, რომელიც გამოკითხვაზე უარს აცხადებს; წინასასამართლო სხდომაზე მხარის მიერ აღნიშნული მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ შუამდგომლობის დაყენება; ხოლო არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკითხული მოწმის გამოუცხადებლობისას - მისი ჩვენების საჯაროდ წაკითხვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში“ - ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.
რაც შეეხება გამოკითხვის დროს მოწმის დაკითხვის წესს, მხარის შუამდგომლობით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა სსსკ-ით (მუხლი 114(1)) უკვე განსაზღვრული შემთხვევების გარდა, შესაძლებელი იქნება მაშინაც, როცა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმეს შეუძლია, გამოძიებას მისცეს არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება და იგი გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში დაკითხვა მიმდინარეობს მოწმის დაკითხვის ინიციატორის, მოწმისა და, სურვილის შემთხვევაში, მისი ადვოკატის მონაწილეობით, ხოლო მეორე მხარე დაკითხვას არ ესწრება.
მოწმის დაკითხვა გამოძიების დროს ზემოთ აღნიშნული მიზეზით ხდება. მხარეს წინასასამართლო სხდომაზე, შეუძლია, იშუამდგომლოს დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე, თუ, მისი აზრით, არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული ვარაუდი.
შენიშვნები 2009 წლის ცვლილებებსა და იუსტიციის სამინისტროს პროექტზე
„ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია“ - ამის შესახებ“ - სს საპროცესო კოდექსის ამ ჩანაწერზე, რომელიც მოწმეთა ნებაყოფლობით დაკითხვას გულისხმობს, შეხვედრაზე დამსწრე მხარეებმა იმხჯელეს.
კვლევის - „მოწმის დაკითხვის წესის რეფორმა საქართველოში“ თანაავტორი, სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ვოგლერი აღნიშნავს, რომ მოწმეს სამართალწარმოების პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იგი ყურადღებას ამახვილებს ხუთ მიზეზზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მოწმემ ჩვენება ნებაყოფლობით მისცეს:
„ჩემს ქვეყანაში მოწმეზე იძულების არც ერთი ფორმა არ ვრცელდება, გარდა სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისა. პოლიციასთან თანამშრომლობა სრულიად ნებაყოფლობითია. რომელიმე მხარის მიერ მოწმის იძულებამ შესაძლოა, იმ ჩვენების დამახინჯება გამოიწვიოს, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია. იძულებას შეუძლია, პოლიციასა და საზოგადოებას შორის გაუცხოება გამოიწვიოს. მოსახლეობა სამართალდამცავების მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ და არ უნდა ეშინოდეთ მათი. პოლიციამ უნდა იცოდეს, რომ არ აქვთ იძულების საშუალება, ამდენად, უნდა შეეცადონ, დაარწმუნონ მოწმეები და მათთან კარგი ურთიერთობა დაამყარონ. პოლიციისთვის იძულების უფლებამოსილების მინიჭება სარისკოა, რადგან ამით პოლიცია ზარმაცდება. თუკი მათ ეცოდინებათ, რომ იძულება შეუძლიათ, მოწმეთა მიმართ მათი პროფესიონალურად მოქცევის ხარისხი შემცირდება. უამრავი ფაქტი მოწმობს იმას, რომ იძულების მექანიზმმა შესაძლოა, დისკრიმინაცია გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი უმცირესობების. ერთადერთი მიზეზი, რომელიც იძულებით თანამშრომლობას ამართლებს, გონივრული ეჭვია, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. ჩვენება სასამართლომ უნდა მოისმინოს და მანვე მიიღოს გადაწყვეტილება. მხარეთა მიმართ ამის გაკეთება დაუშვებელია. დღევანდელი დისკუსია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გვიჩვენებს, თუ რა სურს საქართველოს - საბჭოთა მოდელისკენ დაბრუნება, როცა ადამიანებს აშინებდნენ, თუ წინ, გამჭვირვალე მართლმსაჯულებისკენ სვლა, სადაც სასამართლო ღიაა“ - ამბიბს ვოგლერი.
როგორც კონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, სასამართლო ხელისუფლება მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მოსამართლემ ჯვარედინი დაკითხვის საპროცესო გარანტიები უზრუნველყოს. მან ყურადღება პროექტის 114-ე მუხლზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც, მაგისტრატი მოსამართლის მიერ მოწმის დაკითხვა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, როცა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმეს შეუძლია გამოძიებას მისცეს არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ დანაშაულის შესახებ, რომელზაც მიმდინარეობს გამოძიება და იგი გამოკითხვის გზით ინფორმაციის მიცემაზე უარს აცხადებს.
იგი მიიჩნევს, რომ დღეს სასამართლოს რესურსების ასე გამოყენების რეალური შესაძლებლობა არ აქვს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიაში 32 მოსამართლეა, რომელთაც, ამ ნორმის არსებობის შემთხვევაში, მაგისტრატი მოსამართლის ფუნქციაც უნდა შეასრულონ. ეს რესურსი რაიონულ მაგისტრატ მოსამართლეებთან ერთად 70 მოსამართლემდე იზრდება. მეტი რესურსი არ არის. სასამართლო რესურსის ასე გამოყენების საშუალება დღეს არ გვაქვს“ - ამბობს გვენეტაძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სამუშაო ჯგუფის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმებულია, თუ რა უნდა დაედოს საფუძვლად მოწმეთა დაკითხვას, ახლა კი მნიშვნელოვანია, ზუსტად გაიწეროს ის საპროცესო უფლება-მოვალეობები, თუ ვის რისი გაკეთება დაევალება კონკრეტულად.
„კანონპროექტს ეს ნაწილი აკლია. მეორე პრობლემა ის არის, რომ წესის ამოქმედების შემთხვევაში, დაგვჭირდება მორიგე მოსამართლეები და პროკურორები. პრობლემაა როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე დასაკითხი ადგილები. ცხადია, არ იქნება გამართლებული, რომ დაწერილმა კანონმა ვერ იმუშაოს იმის გამო, რომ მატერიალური და ადამიანური რესურსი არ არის“ - ამბობს ხმალაძე.
მისი თქმით, თუ 1 იანვრამდე კანონი ვერ მიიღეს, ის წესი ამოქმედდება, რომელიც რამდენჯერმე გადაიდო, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას შექმნის.
„სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე ვთქვით, რომ წინადადებები ყველასგან 18 აგვისტომდე უნდა მივიღოთ, თუ რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, რათა სექტემბრის დადგომისთანავე გავაგრძელოთ მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში“ - აღნიშნა ხმალაძემ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ 2009 წელს მიღებული კანონის ავტორებს არ გაუთვალისწინებიათ რესურსებისა და ფინანსების საკითხები. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ კანონის უცბად ამოქმედებამ სასამართლოების კოლაფსი გამოიწვიოს.
როგორც მან შეხვედრაზე განმარტა, აუცილებელია დაზღვევის მექანიზმის უზრუნველყოფა, რაც კანონში უნდა აისახოს.
„თუ გინდა, ადამიანს ცურვა ასწავლო, წყალში უნდა ჩააგდო, მაგრამ ვაპირებთ თუ არა რომ წყალში ჩაგდების შემდეგ თუნდაც ერთი ინსტრუქტორი დავუტოვოთ? გთავაზობთ, რომ გამოკითხვა უნდა იყოს ძირითადი წესით, როგორც ნებაყოფლობით წესი პირის თანამშრომლობისა პოლიციასთან და სხვა საგამოძიებო ორგანოებთან, მაგრამ როცა პირი გამოკითხვას არ სთანხმდება, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ ის დაიბარო არა ჯურღმულში, როგორც ხდებოდა ხოლმე, არამედ მაგისტრატ მოსამართლესთან და, გარკვეული ვალდებულების დაკისრების გზით, მიიღო მისგან ინფორმაცია. მე ვხედავ ამას როგორც იმ პატარა ინსტრუქტორს, რომლითაც ვიჭერთ იმას, ვინც წყალში გადავარდა“ - ამბობს ბარამიძე.
მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვა ფართომასშტაბიანი პრაქტიკა არ იყოს, რადგან „საჭიროა, სასამართლოები დავიცვათ უეცარი ზვავისგან“.
„სამი ვარიანტია: დატოვო ყველაფერი ისე, როგორც არის წარმოდგენილი, აირჩიო საპირისპირო, ანუ აამოქმედო 2009 წლის ცვლილებები და მესამე - რაღაც შუალედური ვარიანტი. პირველი არ ვარგა, არავის უნდა. 2009 წლის ცვლილებების პირდაპირ ამოქმედებამ შესაძლოა, დიდი პრობლემები გამოიწვიოს დანაშაულთან ბრძოლის გახსნის მხრივ. პრობლემის მოგვარებისათვის გამოსავლად შუალედური ვარიანტი მიმაჩნია. რესურსებს რაც შეეხება, არავის ჰქონდა ილუზია, რომ არსებული რესურსებით შეიძლებოდა ამ საქმეზე გაწვდომა. რესურსების სერიოზული პრობლემაა ქვეყანაში და დამატებითი საბიუჯეტო ასიგნებების გამოყოფა დაგვჭირდება, რომ ახალი წელი ავამოქმედოთ“ - ამბობს ბარამიძე.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დაეთანხმა პროკურატურის წარმომადგენელი ნათია მეზვრიშვილიც, რომლის თქმითაც, 2009 წელს გატარებული ცვლილებების მიღება რამდენიმე მიზეზის გამო არ შეიძლება:
„ჩვენების მოპოვების სერიოზული პრობლემები გვაქვს. პრობლემები არსებობს იმ კანონმდებლობის გათვალისწინებითაც, რომელიც ცრუ ჩვენების, ცრუ დასმენისა და არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ამ ბერკეტების არსებობის პირობებშიც საქართველოს რეგიონებში სასამართლო ჩვენების მოპოვებაც სერიოზული პრობლემაა“ - ამბობს მეზვრიშვილი.
როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ამ ბერკეტების პირობებშიც კი ადამიანები არ უფრთხიან სს პასუხისმგებლობას და ჩვენებებს ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე ცვლიან, როგორებიცაა მკვლელობის მცდელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ოჯახური ძალადობა.
„ამ პირობებშიც არ გვაძლევენ ჩვენებას, რის გამოც სს საქმეებს ეფექტიანად ვერ ვიძიებთ“ - ამბობს ის.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, საჭიროა, შეიქმნას კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ერთი მხრივ შეინარჩუნებს გამოკითხვის ნებაყოფლობითობის პრინციპს, მეორე მხრივ კი შექმნის ისეთ ბერკეტს, რომელიც საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს, სამართალწარმოების რაღაც ეტაპზე მაინც მიიღონ ჩვენება იმ პირებისგან, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას ფაქტზე, რომელთა მიერ მისაწოდებელ ინფორმაციას აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, რომელთა მიერ ინფორმაციის მოწოდების გარეშეც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდება.
„ასეთ შემთხვევების გარანტად მაგისტრატი მოსამართლე მიგვაჩნია, რომლის წინაშეც მოწმე ვალდებული იქნება, საგამოძიებო ორგანოებს ჩვენება მისცეს. როდესაც სხვა წყაროებისგან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, ჩვენების მოპოვების მექანიზმი განსაკუთრებულ სიტუაციებში უნდა შევინარჩუნოთ. უნდა შევიმუშავოთ მექანიზმი, რომელიც გამოძიებას არ მისცემს შესაძლებლობას, ყოველი მეორე მოწმე, რომელიც გამოკითხვაზე უარს იტყვის, მაგისტრატ მოსამართლემდე მივიდეს. საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა“ - ამბობს მეზვრიშვილი.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე პოზიტიურად აფასებს იმ ცვლილებებს, რომელთა თანახმადაც, დაკითხვა სასამართლოს წინაშე მოხდება. მისი თქმით, პროგრესული არჩევანია ისიც, რომ დაცვის მხარესაც შეეძლება იძულებითი დაკითხვა მაგისტრატ მოსამართლესთან. თუმცა მისი თქმით, საკითხავია, ეს წესები შეჯიბრობითობის პრინციპს ეხმიანება თუ უკვე მოქმედი წესების მოდიფიკაციაა.
„მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება დაკითხვის პროცესზე მეორე მხარის დასწრება, რადგან შეჯიბრებითობა თანაბარ პირობებში გამოკითხვასაც გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრატ მოსამართლეთა წინაშე დაკითხვას საგამონაკლისო ხასიათი არ ექნება და დაკითხვები მასობრივად ასეთ ფორმატში მოხდება, აქ არსებითი სხდომის ელემენტი გაჩნდება და ეს შეუსაბამო იქნება ლოგიკასთან“ - ამბობს იმნაძე.
მისი თქმით, ასევე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება პასუხისმგებლობის გაუქმება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებისთვის, თუმცა არასაკმარისი ზომა იქნება, რადგან მაგისტრატ მოსამართლეებს დარჩებათ იძულებით პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმი ცრუ ჩვენებისთვის, ან ჩვენებაზე უარის თქმისთვის და ასეთ პირობებში მიცემული ჩვენება მტკიცებულებად მიიჩნევა.
მოწმის დაკითხვის ახალი წესი 2009 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განისაზღვრა, რომელიც გამოძიების პროცესში მოწმეთა დაკითხვას მხოლოდ მოსამართლის წინაშე ბრალდებისა და დაცვის მხარეთა თანდასწრებით ითვალისწინებს, თუმცა მისი ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას.
ამ წესის ამოქმედება 2013 წლის 31 დეკემბრიდან იგეგმებოდა. თუმცა კოალიცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მისი ამოქმედება კიდევ ორი წლით გადადო.
ამჟამად მოქმედი წესის მიხედვით, მოწმეები ვალდებულნი არიან, მისცენ ჩვენება ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე, ხოლო მათ გამოუცხადებლობას შესაძლოა მოჰყვეს სამართალდამცველ ორგანოებში იძულებით მიყვანა ან ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში, დადგეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
როგორც მთავრობა აცხადებდა, ამ წესის კიდევ ორი წლით შენარჩუნება განპირობებულია იმით, რომ სასამართლო სისტემა არ არის მზად ახალი პროცედურებისთვის და მეორე მხრივ, ეს ხელს შეუშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.