საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ხორბლის ან პურის ფასის მატება არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა.
პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ბაზარზე პურის გაძვირების პროცესია დაწყებული.
„არც ერთ ლოგიკას არ ექვემდებარება, ხორბლის ან პურის ფასის მატება. შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული ყველა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ ამის პრევენციისთვის. თუ რამე ხელშეწყობაა საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენ ამ დარგს ხელს შევუწყობთ. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ, თუ რაშია საქმე. ხორბლის მარაგიც გვაქვს და ზოგადად ბაზრებზე ხორბალიც გაიაფებულია“,- განაცხადა დანელიამ.
მინისტრის თქმით, წისქვილკომბინატებს აქვთ პრობლემები და ისინი მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში უნდა მოგვარდეს.