
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ტელეკომპანია „იმედის" მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ არხი მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს.
„რომ არ დავწერო არ ვიქნები მართალი.. არ ვიცი რატომ და რისთვის გადაწყვიტა „იმედის" ხელმძღვანელობამ „რეაქციის" დახურვა, მაგრამ მე, პირადად და ჩემი რამდენიმე კოლეგა ყოველთვის ვერთვებოდით ინგას გადაცემებში, საკმაოდ პრობლემურ კითხვებზეც ვპასუხობდით, ბევრჯერ საკმარისად მწვავე, მაგრამ საინტერესო ეთერიც გამოგვსვლია და ეს იყო საუკეთესო საშუალება საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. იმედი მაქვს „იმედი" მაყურებელს არ დატოვებს ანალიტიკური გადაცემების გარეშე და თუ რამ ცვლილება იგეგმება, მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისკენ იქნება მიმართული, რაც მთავარია, ჟურნალისტების პროფესიული თავისუფლება იქნება დაცული" - წერს მანანა კობახიძე Facebook-ზე.
„მორჩა კინო, წადით სახლში" ასე გამოეხმაურა არხის განცხადებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, რომლის თქმითაც, - „რეაქცია" და „იმედის კვირა" დაიხურა.
ტელეკომპანია „იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის შეჩერების შესახებ განცხადება გუში გაავრცელა:
„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში" - ნათქვამია „იმედის" განცხადებაში.