
როგორც ვხედავთ, ხელისუფლების კონტროლი მედიაზე ჩვენს ქვეყანაში, მედიამფლობელების თვითკონტროლის ხარისხშია აყვანილი - ასე ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დეპუტატი შალვა შავგულიძე ტელეკომპანია „იმედის" მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ გავრცელებულ განცხადებას.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „მედიის დამოუკიდებლობის - სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, დღეს უფრო მძიმე ვითარება იქმნება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო 2007 წელს".
„ტელეკომპანია თავად აცხადებს უარს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებზე და ეს ხდება წინასაარჩევნო წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიის რეიტინგის გაზრდა, რისკენაც ბუნებრივად უნდა ისწრაფვოდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება, სწორედ ამ სახის გადაცემებზეა დამოკიდებული" - წერს დეპუტატი Facebook-ზე.
შავგულიძე იმედს გამოთქვამს, რომ არხის მფლობელები შეცვლიან გამოცხადებულ პოზიციას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შეჩერების შესახებ და „არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რაც ზიანს მიაყენებს როგორც თავად ტელეკომპანიის რეიტინგს, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებას".
„ ჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს სჭირდება რაც შეიძლება მეტი სივრცე განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად, რასაც სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის და ძალზედ სამწუხარო იქნება, თუ ტელეკომპანია "იმედი" გამოაკლდება ასეთ მედიასაშუალებათა ისედაც მცირერიცხოვან ჩამონათვალს ჩვენს ქვეყანაში" - ნათქვამია დეპუტატის განცხადებაში.
„იმედის" განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ არხი მაყურებელს ანალიტიკური გადაცემების გარეშე არ დატოვებს.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ „რეაქცია" და „იმედის კვირა" დაიხურა. „მორჩა კინო, წადით სახლში" - ასე გამოეხმაურა არხის განცხადებას ჟურნალისტი.
ტელეკომპანია „იმედმა" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის შეჩერების შესახებ განცხადება გუში გაავრცელა:
„საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს.
ამის მიზეზია ჩვენი სურვილი, შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან.
ამავე განცხადებაში დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ გადაცემების გუნდის წევრებს, რომელთაგან თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების შექმნაში" - ნათქვამია „იმედის" განცხადებაში.