„შრომა არაა იოლი“, - ბანერი ამ წარწერით, დღეს სტუდენტებმა აღმაშენებლის გამზირზე, სუპერმარკეტ „იოლის“ გვერდით მდებარე სკვერში გააკრეს. ღირსეული შრომითი პირობების მოთხოვნა იყო აქციის მთავარი მიზანი. მიზეზი კი „იოლის“ თანამშრომლების პროტესტი. ლიკა ჯანაშია სუპერმარკეტის მოქმედი, მაგრამ სტატუსშეჩერებული თანამშრომელია. რამდენიმე კვირის წინ მან სტუდენტურ გაერთიანება „სოლიდარობის ქსელს“ დახმარება სთხოვა და სამსახურში შრომითი პირობების მძიმე მდგომარეობაზე ხმამაღლა საუბარი დაიწყო. პროტესტის შემდეგ ის მენეჯერმა დაიბარა და სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა სუპერმარკეტების გაერთიანების მენეჯმენტმა („იოლი“, „ფუდმარტი“ და „სპარი“ გაერთიანებული ქსელია) რამდენიმე დღეში „იოლის“ მენეჯერის გადაწყვეტილება შეცვალა, ლიკა სათავო ოფისში დაიბარა, მის სამსახურიდან გათავისუფლებას გაუგებრობა უწოდა და სხვა ფილიალში მუშაობა შესთავაზა.
დღევანდელ აქციაზე ლიკასთან ერთად, “იოლის” წინააღმდეგ გამოსული სხვა თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ.
მუხრან ცანავამ "იოლში" არსებულ გაუსაძლის სამუშაო პირობებზე ისაუბრა.
“ჩვენ მოლარე-კონსულტანტებს გვეძახდნენ, რეალურად კი, ყველა შავი სამუშაოს შესრულება გვიწევდა, ესაა დამლაგებლის, თუ მზიდავის ფუნქციების შეთავსება. მჯერა, რომ ჩვენი პროტესტი ამ ჩაგვრის წინააღმდეგ ეფექტური იქნება, თუმცა მეტი სოლიდარობაა საჭირო”.
“სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენელმა რეზი კარანაძემ აქციაზე შრომითი კოდექსის არაეფექტურობასა და შრომითი ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალი შრომითი კოდექსის შემუშავების მიუხედავად, ის მაინც დამსაქმებლისა და კერძო ბიზნესის ინტერესებზეა მორგებული და რეალურად, მშრომელთა უფლებებს არ იცავს:
”გარდა ამისა, შრომის კოდექსს არ ექნება ძალა, თუ ქვეყანაში შრომის ინსპექცია არ იქნება. ეს უნდა იყოს ინსტრუმენტი, რომელიც მხოლოდ პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებს არ მოაგვარებს. ჩვენ გვჭირდება ბერკეტი, რომელიც შეისწავლის, მაგალითად, რატომ ეჭრებათ დასაქმებულებს ხელფასი უმიზეზოდ, რატომ მუშაობენ კოდექსით განსაზღვრულ საათებზე მეტს და შედეგად იღებენ მიზერულ ხელფასს. დღეს კი კერძო ბიზნესს დიდი გავლენა აქვს ხელისუფლებასა და ზოგადად, ინსტიტუციებზე. ვითხოვთ, მშრომელთა უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას”, - აღნიშნა რეზი კარანაძემ.
პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ კი სხვა სუპერმარკეტებში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არაა მხოლოდ "იოლის", "ფუდმარტისა" თუ "სპარის" პრობლემა:
"სუპერმარკეტების ქსელი "ვეჯინიც" გამოირჩევა განსაკუთრებულად ცუდი პირობებით, ამიტომ ვთვლი, რომ მსგავსი კამპანიების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. დასაქმებულებმა საკუთარი უფლებები კარგად უნდა გააცნობიერონ", - აღნიშნა დოლაბერიძემ აქციაზე.
სტუდენტების ინფორმაციით, პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება ლიკა ჯანაშიას, მას ჯერ არ გადაუწყვეტია, დაბრუნდება თუ არა "იოლის" სხვა ფილიალში.