საქართველოს მთავრობასა და „ხუდონჰესის“ ინვესტორ კომპანიას - „ტრანს-ელექტრიკას“ შორის 2011 წელს გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„ლიბერალთან“ საუბრისას „ტრანს-ელექტრიკას“ ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ კომპანია „ხუდონჰესის" მშენებლობის დაწყებას 2017 წლიდან აპირებს. მისი თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება, მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება.
„ინვესტორი კომპანია იღებს ვალდებულებას, შესაბამისი უწყებებიდან მოიპოვოს გარემოზე ზემოქმედების შეთავსების ანგარიშზე დასკვნა და მშენებლობის ნებართვა. საბოლოოდ მშენებლობის დაწყებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში 2017 1 მაისამდე“, - ამის შესახებ კი ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ.
მემორანდუმით გათვალისწინებული კიდევ ერთი პირობის ცვლილების თანახმად, ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, „ხუდონჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, ნაცვლად წელიწადის 3 თვისა, მთელი წლის განმავლობაში საქართველოში დატოვოს.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობის დროს დასაქმებული ადამიანების 75% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უნდა იყვნენ, სახელმწიფოს მიეცა უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს - მშენებლობის დაწყებამდე, პროცესში თუ დასრულების შემდეგ, შეიძინოს 20% და გახდეს მისი მფლობელი“, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
რაც შეეხება იმას, თუ რა ფასად მიიღებს ქვეყანა ელექტროენერგიას, მინისტრის თქმით, წლების მიხედვით ფასი განსხვავებულა, თუმცა, საშუალოდ, 1 კლვტ საათზე 8.8 ამერიკული ცენტი იქნება.
სამინისტროს ცნობითვე, ინვესტორი კომპანია ვალდეული იქნება, მემორანდუმში ცვლილებების შეტანიდან 3 თვის ვადაში, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დააფუძნოს ახალი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა ვინაობა საჯარო იქნება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები მას სრულად გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ ინვესტორი კომპანია Trans Electrica Limited (BVI) ე.წ. ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე 2008 წელს არის რეგისტრირებული.