ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, „ხუდონჰესის“ მშენებლობისთვის მოსახლეობის განსახლების მოდელი მსოფლიო ბანკის მითითებით არსებულ გეგმას შეესაბამება.
„მაქსიმალურად დავიწყებთ კონსულტაციებს მოსახლეობასთან, ყველაზე მთავარი, რაც ხელშეკრულებაში ჩაიწერა, არის ის, მოსახლეობასთან შეთანხმებისა და შეჯერების შემთხვევაში, განსახლების გეგმის მოდელი, რომელიც აღებულია, მსოფლიოში საუკეთესოა. ეს არის მსოფლიო ბანკის მითითებით არსებული განსახლების გეგმა და ამ მეთოდებით ვიმუშავებთ, -ამბობს კალაძე.
„ლიბერალთან“ საუბრისას „ტრანს-ელექტრიკას“ ტექნიკური ხელმძღვანელი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ მოსახლეობის განსახლებაში სახელმწიფოც ჩაერთვება.
მისი თქმით, მოიძებნება ყველანაირი კომპრომისი და „ეს სენსიტიური თემა, რომელიც მოსახლეობასთანაა დაკავშირებული, ყველასთვის სასიკეთოდ გადაწყდება".
დავით მირცხულავა აცხადებს, რომ კომპანია „ხუდონჰესის" მშენებლობის დაწყებას 2017 წლიდან აპირებს. მისი თქმით, წინა მოსამზადებელი სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება, მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება.