პარლამენტმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონპროექტის განხილვა დაიწყო. პროექტის ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტია.
კანონპროექტი მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მასში გათვალისწინებულია სხვადასხვა სამომხმარებლო სფერო, მათ შორის: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაცით, ასევე ქუჩაში შეძენილი პროდუქცია, შეცდომაში შემყვანი რეკლამა, კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები და ა.შ.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებული ვალდებულებები.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს ახალი ინსტიტუტის - მომხმარებელთა ომბუდსმენის ამოქმედებას, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობაა.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულ კონკრეტულ ნორმებს, დოკუმენტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, მიიღოს პროდუქციის დასახელების, მწარმოებლისა და არსებითი მახასიათებლის შესახებ უტყუარი ინფორმაცია, რაც მომხმარებელს სწორი არჩევანის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, პროდუქციის დამზადების თარიღისა და იმ პროდუქციის ვარგისიანობის ვადის შესახებ, რომლის სამომხმარებლო თვისებები დროთა განმავლობაში უარესდება.
ამასთან, პროექტი პროდუქციის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების წესებისა და შენახვის სპეციალური პირობების შესახებ ინფორმაციის განთავსების ვალდებულებას ითვალისწინებს.
მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდებისთვის მოვაჭრე პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
რაც შეეხება პროდუქციის საცალო შეფუთვას, ასეთ შემთხვევაში მსხვილი, მკაფიო, კონტრასტული, ადვილად აღქმადი შრიფტით უნდა გაკეთდეს წარწერა პროდუქციის ისეთი თვისებების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მომხმარებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და მის უსაფრთხოებას. ხოლო, თუ ასეთი ინფორმაციის დატანა უშუალოდ შეუძლებელია, მაშინ, იგი პროდუქციას თან უნდა ახლდეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სხვა ენაზე), ისე, რომ არ დაფაროს ინფორმაცია ორიგინალურ ენაზე.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მოვაჭრეს დაუბრუნოს პროდუქცია მიღებიდან 14 დღის განმავლობაში. მოვაჭრე კი ვალდებულია, სრულად დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა, გარდა მიწოდების ხარჯისა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე კანონპროექტის განხილვას ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი უკმაყოფილების ერთი-ერთი მიზეზი სწორედ, პროექტში შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების ჩანაწერმა გამოიწვია.
„ლიბერალთან“ საუბრისას საქართველოს ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ნივთის დაბრუნების უფლება, როგორც გამყიდველს, ისე შემდგომში ნივთის სხვა შემძენს გარკვეული რისკის წინაშე აყენებს.
„მაგალითად, ადამიანი მივიდა მაღაზიაში, იყიდა ტელეფონი, შეამოწმა და მუშაობს, სარგებლობს ტელეფონით და ორი კვირის შემდეგ, უბრალოდ გადაიფიქრა და უკან აბრუნებს. ამ შემთხვევაში, შემძენს ეხსნება ყოველგვარი პასუხისმგებლობა. გამყიდველის რისკი ისაა, რომ ყოველ დაბრუნებულ ნივთზე, მან უნდა შეამოწმოს, ხომ არაა დაზიანება, ხომ არ აქვს ფარული ნაკლი. ეს მხოლოდ გამყიდველის პრობლემა არ არის, წარმოიდგინეთ რომ თქვენ, როგორც მომხმარებელი, რომელიც იმავე მაღაზიაში შევა, ხართ რისკის ქვეშ, რომ იყიდოთ იგივე ტექნიკა, რომელსაც ორი კვირის განმავლობაში ვიღაცა უკვე იყენებდა. მას, როგორც ახალს ისე გაყიდის მაღაზია, რადგან ვიღაცამ მისი შეძენა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უბრალოდ გადაიფიქრა, ნივთს მაღაზია ვერ გადააგდებს“, - აცხადებს ბიზნეს ასოციაციის ანალიტიკოსი.
ნიკა ნანუაშვილი გამოსავალს ევროდირექტივაში ხედავს, სადაც მისი თქმით, ნათლად წერია, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემძენს ნივთის დაბრუნების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მან პროდუქტი იყიდა ქუჩაში, მაგალითად, გარემოვაჭრისგან, ან თუ იყიდა დისტანციურად, ონლაინშოპინგით ან თუ მოვაჭრე თავად მივიდა მასთან და შესთავაზა ამა თუ იმ ნივთის შეძენა.
„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია, შემძენს ნივთის უკან დაბრუნება, ევროდირექტივის მიხედვით, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში შემძენს აქვს პასუხისმგებლობა. როდესაც ჩვენ მივდივართ მაღაზიაში ამ ორგანიზებული ვაჭრობის ადგილას, ჩვენ ზუსტად ვიცით და უნდა ვიცოდეთ, რისი ყიდვა გვინდა, გვაქვს საშუალება, რომ ეს ნივთი გავსინჯოთ, ფუნქციონალურად შევაფასოდ, წავიკითხოთ მისი ინსტრუქცია, თავსებადობა სხვა პროდუქტებთან და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიხადოთ ფული და შევიძინოთ“, - აცხადებს ნანუაშვილი.
მისი თქმით, თუ ნივთს დაზიანება აღმოაჩნდება, ამ შემთხვევაში საუბარი არაა, უნდა ჰქონდეს თუ არა შემძენს მისი უკან დაბრუნების უფლება. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, დღეს მოქმედი რეგულაციებით, მყიდველს აქვს უფლება უკან დააბრუნოს დაზიანებული ან უვარგისი ნივთი.
„როდესაც ვყიდილობთ ნივთს გარანტიით ან თუნდაც გარანტიის გარეშე, და აღმოჩნდა, რომ მას აქვს ქარხნული წუნი, ის დაზიანებულია ან არ ფუნქციონირებს ისე როგროც საჭიროა, დღესაც გვაქვს უფლება, მივიტანოთ, დავაბრუნოთ და მოვითხოვოთ თანხა“, - აცხადებს ნანუაშვილი.
ბიზნესასოციაციის კიდევ ერთი შენიშვნის თანახმად, საჭიროა, განისაზღვროს ნივთის ღირებულების ის მინიმალური ზღვარი, რის ქვემოთაც გაყიდული პროდუქცია უკან არ მიიღება.
„ევროპაში მოქმედებს ე.წ. დემინინგის პრინციპი ანუ ღირებულების მინიმალური ზღვარი, რის შემდეგად უკვე შესაძლებელია კანონის გავრცელებაზე ვიფიქროთ. აღნიშნული პრინციპის მიხედვით, 50 ევროზე ნაკლები ღირებულების თუ არის ნივთი, ევროპაში მას უკან ვერ დააბრუნებთ და გამყიდველს პრეტენზიას ვერ წაუყენებთ“, - ამბობს ნანუაშვილი.
პროექტთან დაკავშირებით ნანუაშვილი ევროდირექტივაში არსებულ კიდევ ერთ მითითებას იშველიებს. მისი თქმით, ევროდირექტივის მიხედვით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტები არ ვრცელდება ყველა სფეროზე, მაგ: ფინანსურ, ჯანდაცვის სფეროსა თუ უძრავი ქონების ბაზარზე, რადგან ეს სფეროები შიდა მექანიზმებით რეგულირდება.მისი თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტში მსგავსი გამონაკლისები არაა.
ასევე, მისივე თქმით, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის რეგულაციები სხვადასხვა საკანონმდებლო ნორმებში უკვე არსებობს, როგორიც არის მაგალითად, სურსათის უვნებლობის, ეტიკეტირების თუ რეკლამირების კუთხით არსებული ნორმები, ამიტომ ის დამატებითი რეგულაციების შემოღების საჭიროებას ვერ ხედავს.
„იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტი ევროდირექტივებს ეწინააღმდეგება, ჩვენ მოწონებას ვერ დაიმსახურებს. შეფასება, რომ დღეს მომხმარებელი არ არის დაცული, არ არის სწორი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი კანონის მიღება, რომელიც რიგ შემთხვევებში ეწინააღმედეგება არსებულ სამართლევრივ ნორმებსა და ევროკავშირის დირექტივებს. აქედან გამომდინარე. ვართ წინააღმდეგი ამ კანონის განსაკუთრებით ამ ფორმით მიღების“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბრისას ბიზნესასოციაციის ანალიტიკოსი.
ინიციატორი კომიტეტის - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრის თამარ კორძაიას თქმით, დღეს საქართველოში მომხმარებელს უხარისხო პროდუქციის დაბრუნების არავითარი მექანიზმი არ აქვს.
„ბევრ ადგილას ნახავთ წარწერას, რომ გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება. მსგავსი დამოკიდებულებების აღმოფხვრას ისახავს ეს კანონი მიზნად, მისი მიზანი ნამდვილად არ არის არც ბიზნესის, არც მოვაჭრის შეზღუდვა ა.შ. აქ მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ბალანსი უნდა იყოს დაცული“, - თქვა კორძაიამ.
როგორც კორძაია განმარტავს, თუ მყიდველი ისარგებლებს ნივთით, მაშინ, მას მისი უკან დაბრუნების უფლება არ ექნება. მისი თქმით, თუ აღნიშნული სათანადოდ არ არის ასახული პროექტის ტექსტში, მას ისე ასახავენ, რომ სწორად, იქნას წაკითხული.
„ასევე იყო შენიშვნა, რომ დადგინდეს ზღვარი, რა ღირებულების ნივთის დაბრუნების უფლება ექნება მყიდველს. რომ მაგალითად 5-ლარიანი ნივთის წარამარა დაბრუნების საკითხი, რომ არ დადგეს, რაღაც მინიმალური თანხა უნდ განისაზღვროს. ესეც გავიზიარეთ“, - ამბობს კორძაია.
მისი თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება და ინიციატორები ყველა საყურადღებო შენიშვნას გაიზიარებენ.