
„არალეგიტიმურია მოთხოვნა და სახელმწიფოს შანტაჟი, რომ ვიღაცას ფასის მომატება უნდა დავაძალოთ. ზოგადად, სუბსიდირება არ არის სწორი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დარგს სუბსიდირება აღარ დასჭირდეს - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კახეთში რთველის მიმდინარეობის შესახებ მსჯელობისას.
მისი განმარტებით, 2008-2009 წლებში სუბსიდირების თანხამ დაახლოებით 25 მლნ ლარი შეადგინა; შარშან და შარშანწინ კი - 32-32 მლნ ლარი, თუმცა ეს სწორი პრაქტიკა არ არის.
„წელს არ ვგეგმავდით სუბსიდირებას. გვინდა, გავაჯანსაღოთ დარგი, რომ კონკურენცია ჯანსაღი იყოს, თუმცა გამომდინარე რეგიონში არსებულ მდგომარეობიდან, სუბსიდირება აუცილებელი გახდა, იმისათვის, რომ გლეხს ზარალი არ ენახა. სუბსიდირება რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ტოტალური კატასტროფა მოხდებოდა“ - თქვა დანელიამ.
როგორც მან განმარტა, 20-ზე მეტ ქარხანასთან გაფორმდა ხელშეკრულება და სახელმწიფო მზადაა, ჭარბი ყურძნის შემთხვევაში ალტერნატიულ ფასად, თეთრი ყურძენი 60, შავი კი 85 თეთრად ჩაიბაროს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო ფასს არ ადგენს, რადგან ეს ბაზარმა უნდა დაარეგულიროს.
„2003 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის დაფინანსების ფარგლებში 1 800 000 000 ლარამდეა მობილიზებული. ეს შეიძლება შევადაროთ 59 000 000 ლარს, რომელიც იყო 2012 წლის მდგომარეობით. 2013-2014 წლებში მხოლოდ კახეთში შევიდა 300 000 000 ლარამდე. საერთო ჯამში, ნახევარ მილიარდ ლარამდე სარგებელი შევიდა ქართველი გლეხების პროდუქტის რეალიზაციიდან მხოლოდ ორი წლის განმავლობაში. დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. ყოველწლიურად სეტყვის მინიმუმ 20 შემთხვევა იყო, რაც დღეს 95%-ზე მეტით შემცირდა“ - თქვა მინისტრმა.
კახელმა მევენახეებმა ყურძნის ფასის მომატების მოთხოვნით პარლამენტს 11 სექტემბერს მიმართეს.